გოგას ბითაძემ პირადი საენბეო რეკორდი დაამყარა

0
10

საქართველოს ნაკრების მეფარე გოგა ბითაძემ ამერიკის ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (ნბა) პირადი რეკორდი დაამყარა. “ინდიანა პეისერზის” ქართველმა ცენტრმა “მინესოტა თიმბერვულვზს” 14 ქულა ჩაუგდო, მისმა გუნდმა კი მეტოქე 141:137 დაამარცხა.
დომანტას საბონისისა და მაილს ტერნერის ტრავმების გამო 21 წლის ქართველი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და მოედანზე 25:24 წუთი გაატარა. ბითაძემ ბოძებული შანსი კარგად გამოიყენა და პირადსარეკორდო 14 ქულას 5 პასი, 3 მოხსნა, თითო ჩაჭრა-დაფარება მიაყოლა. მიმდინარე სეზონში გოგამ პირველად ითამაშა სასტარტოში, კარიერაში კი – მესამედ.
უკვე პირველი ტაიმის შემდეგ გოგას 12 ქულა ჰქონდა და მატჩში მხოლოდ თანაგუნდელ აარონ ჰოლიდეის ჩამორჩებოდა. გოგამ პირველ ორ მეოთხედში 13:08 წუთი ითამაშა და 12 ქულას (2-სამქულიანი), 3 მოხსნა, 2 პასი და ერთი ჩაჭრა შემატა. ქართველ ცენტრს ბურთი არ დაუკარგავს, თუმცა ის ორჯერ დაჯარიმდა, რაც ყველაზე მთავარია, “პეისერზმა” ტაიმი 21 ქულის სხვაობით მოიგო. და ეს ყველაფერი მინესოტელთა ვარსკვლავ-ცენტრთან, კარლ ენტონი თაუნსთან ორთაბრძოლაში მოხდა, რომელმაც პირველ ორ მეოთხედში 10 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.
უკვე მე-3 მეოთხედის დასაწყიში ბითაძემ კარიერის რეკორდი დაამყარა NBA-ში ქულებით, როცა საშუალო მანძილიდან ჩააგდო. ამით მან 14 ქულა მოაგროვა, მისი რეკორდი კი აქამდე 13 ქულა იყო. ბოლო პერიოდში გოგა აქტიურობით ვერ გამოირჩა. მას 4 პერსონალური ჯარიმა ჰქონდა და მცირე სათამაშო დრო დაუთმეს.
“ინდიანას” სეზონში 23-27 ბალანსი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 პოზიციაზეა. 10 აპრილს (03:00-დან თბილისის დროით) “პეისერზი” “ორლანდო მეჯიქს” ესტუმრება.