ზიდანის 50-ე მატჩი და მეოთხე გამარჯვება „ლივერპულთან“

0
4

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ შეხვედრაში მადრიდის „რეალმა“ შინ ალფრედო დი სტეფანოს სახელობის სტადიონზე „ლივერპული“ 3:1 დაამარცხა.

მასპინძლებიდან 23 წუთზე ანგარიში ბრაზილიელმა ვინისიუს ჟუნიორმა გახსნა, ხოლო 36-ე წუთზე მარკო ასენსიომ სტუმართა კარი მეორედ აიღო. 51-ე წუთზე მოჰამედ სალაჰმა ერთი საპასუხო გოლი გაიტანა. 65-ე წუთზე ვინისიუსმა თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა და „რეალის“ მაისურით პირველი დუბლი მიითვალა.

„რეალმა“ „ლივერპული“ ზედიზედ მეოთხედ დაამარცხა – 10 გოლი გაიტანა და 2 გაუშვა.

„სამედო კლუბს“ მიჯრით 12 თამაშია არ წაუგია – 10 გამარჯვება და 2 ფრე.

მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა „რეალს“ ჩემპიონთა ლიგაში 50-ედ უხელმძღვანელა. ფრანგზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ლეგენდარულ მიგელ მუნიოსს (71 მატჩი) და ვისენტე დელ ბოსკეს (60 მატჩი) აქვთ. შეგახსენებთ, რომ ის ერთადერთი სპეციალისტია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ 3-ჯერ მოიგო.

განვლილ შეხვედრაში საგოლე პასი მიითვალა „რეალის“ ხორვატმა ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა. იგი 35 წლისა და 209 დღის ასაკში, ბოლო 10 წლის მანძილზე პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ზედიზედ სამ შეხვედრაში თავის ანგარიშზე საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

მანამდე, მსგავსი რამ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა გარემარბმა რაიან გიგზმა 37 წლის ასაკში მოახერხა – 2011 წლის მარტისა და აპრილის თვეში.

სხვათა შორის, მადრიდული კლუბი ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული ბოლო 16 პლეი-ოფიდან შემდეგ ეტაპზე 15-ჯერ გავიდა, როდესაც პირვლი თამაში მოიგო.

ბოლოს „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფიდან 2018-2019 წლების სეზონში გავარდა, როცა სტუმრად „აიაქსი“ დაამარცხა, მაგრამ შინ წააგო.