დე ბრუინის ახალი კონტრაქტი – „სიტიმ“ „დორტმუნდს“ აჯობა

0
11

კევინ დე ბრუინმა „მანჩესტერ სიტისთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა.

კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბელგიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ხელშეკრულება 2 წლით გაახანგრძლივა და „სიტიში“ 2025 წლამდე დარჩება.

29 წლის დე ბრუინის „სიტიში“ 2015-2016 წლების სეზონის წინ გერმანული „ვოლფსბურგიდან“ გადავიდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 255 მატჩში 65 გოლი გაიტანა.

მან თავი გუშინ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ მატჩში დორტმუნდის „ბორუსიასთანაც“ გამოიჩინა, რომელიც მანჩესტერელებმა შინ 2:1 მოიგეს.

დე ბრუინმა ანგარიში შეხვედრის მე-19 წუთზე გახსნა, ხოლო როისმა საპასუხო ბურთი 84-ე წუთზე გაიტანა. მან „ბორუსიას“ მაისურით ჩემპიონთა ლიგაში მე-18 გოლი მიითვალა, რას გუნდი ისტორიაში საუკეთესო შედეგია. მან დორტმუნდელთა ექსფორვარდ რობერტ ლევანდოვსკის (17 გოლი) მიღწევა გააუმჯობესა.

„სიტის“ მატჩი ფოდენმა მოაგებინა, რომელმაც თავი 90-ე წუთზე გამოიჩინა. მანჩესტერელებს ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ 9 შეხვედრაა არ წაუგიათ – 8 გამარჯვება და ერთი ფრე. გვარდიოლას შეგირდებმა 19 გოლი გაიტანეს და 2 გაუშვეს.