„რეალ-სოსიედადმა“ ისტორიაში თასი მესამედ მოიგო

0
13

სან-სებასტიანის „რეალ სოსიედადმა“ არსებობის ისტორიაში ესპანეთის თასი მესამედ მოიგო.

2019-2020 წლების თასის ფინალი, რომელიც შარშან კორონავირუსის პანდემიის მიზეზით გადაიდო, გუშინ შედგა და ბასკურ დერბიში სან-სებასტიანელები ბილბაოს „ატლეტიკს“ დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა ქალაქ სევილიაში სტადიონ „ოლიმპიკ დე სევილია ლა კარტუხაზე“ გაიმართა.

„რეალ სოსიედადმა“ მეტოქეს 1:0 აჯობა და გამარჯვების გოლი 63-ე წუთზე მიკელ ოარსაბალმა პენალტიდან გაიტანა, რომელიც ინიგო მარტინესის წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევისთვის დაინიშნა.

„რეალ სოსიედადმა“ თასი მესამედ აღმართა – მანამდე ბასკებმა საპატიო ჯილდო 1909 და 1987 წლებში მოიპოვეს.

აქვე გეტყვით, რომ „ატლეტიკი“ 17 აპრილს მიმდინარე სეზონის თასის ფინალში „ბარსელონას“ შეხვდება.