„დინამომ“ და „ლოკომ“ ქულები გაიყვეს – კაშიას გოლი 11 წლის მერე

0
8

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-6 ტურში ბათუმის „დინამომ“ თბილისის „ლოკომოტივს“ გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.

მატჩში ანგარიში მე-6 წუთზე გაიხსნა, როდესაც ვლადიმერ მამუჩაშვილმა დაახლოებით 25 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ბურთი ცოცხალ კედელში მდგომი „ლოკომოტივის“ ფეხბურთელის ფეხიდან კარში აღმოჩნდა.

თბილისელებმა საპასუხო გოლი 41-ე წუთზე გაიტანეს, როცა კუთხურის ჩაწოდების შემდეგ, გურამ კაშიამ თავი მეკარისგან მარცხენა „ცხრიანში“ ზუსტად დაარტყა.

33 წლის მცველმა 2010 წლის 3 აპრილის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატში თავი პირველად გამოიჩინა. მაშინ, მან თბილისის „დინამოს“ მაისურით „გაგრას“ კარი აიღო და თავის გუნდს 1:0 მოაგებინა.

2015 წლის მერე, ბათუმის „დინამოს“ და „ლოკომოტივის“ დაპირისპირება ფრედ პირველად დასრულდა. ექვსწელიწადნახევრის წინ ჩატარებული თამაშიც 1:1 დამთავრდა.

ბათუმელებს მიმდინარე სეზონში არცერთი თამაში წაუგიათ, ხოლო „ლოკომოტივი“ ზედიზედ 4 შეხვედრაა არ დამარცხებულა.