ვილი სანიოლი:”სამი ქულის მოპოვებაც შეგვეძლო”

0
9

ვილი სანიოლს მიაჩნია, რომ საქართველოს ეროვნულ გუნდს საბერძნეთთან მატჩში სამი ქულის მოპოვებაც შეეძლო.

ქართველების ვფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ მსოფლიო 2022 წლის ჩემპოიონატის შესარჩევი ციკლის B ჯგუფის მე-3 ტურში სალონიკში 1:1 დასრულებული თამაშის მერე განაცხადა.

ვილი სანიოლი: დღეს, პირველი ორი შეხვედრისგან განსხვავებული თამაში გვქონდა. პირველი თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ, დღეს კი, პირველ წუთებში არც თუ ისე კარგად ვმოქმედებდით. თუმცა ვიცოდით, რომ დაღლილობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, მესამე შეხვედრა ყველაზე რთული იქნებოდა. საწყის 20 წუთში, ვფიქრობ, სწორედ ამიტომ გაგვიჭირდა, თუმცა შემდეგ მატჩის მსვლელობას ჩვენ უფრო ვაკონტროლებდით. ასევე  ვთვლი, რომ კარგი მეორე ტაიმი ჩავატარეთ.

რაც შეეხება შედეგს, ასეთი გოლის შემდეგ თამაშში დაბრუნება ძალიან რთულია. თუმცა ბიჭებმა ხასიათი აჩვენეს და ანგარიში სწრაფად გავათანაბრეთ. ვფიქრობ, თამაში უფრო მეტად, რომ გვეკონტროლებინა და გარკვეულ მომენტებში უკეთესი გადაწყვეტილებები მიგვეღო სამი ქულის მოპოვებაც შეგვეძლო.

მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ დღეს მოპოვებული ერთი ქულა მოთამაშეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო ერთი კვირა ძალიან კარგად ვიმუშავეთ და საწყის ორ შეხვედრაში დიდ გუნდებს დავუპირისპირდით. ამასთან ერთად ვეთამაშეთ საბერძნეთს სტუმრად და აქ ქულის მოპოვება ადვილი არ არის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, აღნიშნული კვირით კმაყოფილი ვარ. არ მომწონს, ქულების რაოდენობა, რადგან ვთვლი, რომ ცოტა უფრო მეტი უნდა გვქონდეს. მენტალობა, შრომა და დისციპლინა, რაც ფეხბურთელებისგან ვიხილე, ძალიან მომეწონა.

ივნისში ამხანაგურ შეხვედრებს ჩავატარებთ, რომელიც საშუალებას მოგვცემს სხვა ფეხბურთელებიც შევაფასო. იმიტომ, რომ როდესაც მოკლე პერიოდში ზედიზედ სამი შეხვედრის გამართვა გიწევს, უფრო სხვა ფაქტორებზე კონცენტრირდები. აღნიშნულ შეკრებაზე არამხოლოდ ფეხბურთელებს დავაკვირდებით, არამედ ვიმუშავებთ ჩვენს სათამაშო სტილზე. მე ყოველთვის ვამბობ, რომ მსურს ცოტათი უფრო მეტად ვაკონტროლებდეთ თამაშს და ამაზე უნდა ვიმუშაოთ. ასევე ველოდები სექტემბერს, რათა საკვალიფიკაციო ეტაპი განახლდეს. ჩვენ შევეცდებით საქართველო საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ.”