პირველი ქულა კვარაცხელიას შედევრით

0
10

საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთთან მერვედ ითამაშა და ფრეს მეორედ მიაღწია, ხოლო 6-ჯერ დამარცხდა. ბოლოს ბერძნებმა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გვიმასპინძლეს და 2010 წლის 3 სექტემბერს თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა გუნდმა ათენში ქულა აიღო- 1:1. მანამდე, ქართველებმა ელადელებთან ზედიზედ 6 თამაში წააგეს.
ესპანეთთან მატჩთან შედარებით ვილი სანიოლმა სასტარტოში ერთი ფეხბურთელი შეცვალა – ნახევარდაცვის ცენტრში გიორგი აბურჯანია დააყენა ვაკო გვილიას ნაცვლად.
დაცვის ცენტრში გურამ კაშია და ლაშა დვალი მოქმედებდნენ, მარჯვენა ფლანგზე – ოთარ კაკაბაძე, ხოლო მარცხენაზე – გურამ გიორბელიძე.
მოედნის ცენტრში აბურჯანიასთან ერთად ჯაბა კანკავა და ოთარ კიტეიშვილი თამაშობდნენ, მარცხენა ფრთა ხვიჩა კვარაცხელიამ დაიკავა, მარჯვენა – საბა ლობჟანიძემ. სანიოლმა თავდასხმაში ადგილი ისევ ბუდუ ზივზივაძეს ანდო.
აქვე გეტყვით, რომ კაშიამ სანაკრებო კარიერაში 84-ე თამაში ჩაატარა და ერთი შეხვედრით აჯობა ეროვნული გუნდის ექსკაპიტან კახა კალაძეს.
განვლილ მატჩში პირველი სახიფათო მომენტი მასპინძლებმა შექმნეს, როდესაც მარცხენა ფრთიდან ბაკაკისმა შეტევა წამოიწყო და ქართველების საჯარიმოში ციოლისი მოძებნა, რომელმაც ახლო მანძილიდან ანგარიშის გახსნის შანსი ხელიდან გაუშვა – ბურთი კარს ზემოდან გადაცდა.
29-ე წუთზე მარცხენა ფრთიდან შეტევაში გიორბელიძე ჩაერთო, რომელმაც პასი კვარაცხელიას გადააწოდა, ხოლო ახალგაზრდა გარემარბი მეტოქის საჯარიმო შეიჭრა, გზად ოთხ ბერძენს გასცდა და დაარტყა – ბურთს მასპინძელთა მცველი გადაეფარა.
38-ე წუთზე ბერძნების იერიშის დროს მარჯვენა ფლანგიდან გადაცემა სტუმართა საჯარიმოში გაკეთდა, სადაც მყოფმა ფორტუნისმა თავით დაარტყა, მაგრამ ლორიას ბურთის ხელებში დაჭერა არ გაჭირვებია.
შეხვედრაში მთავარი მოვლენები მეორე ტაიმში განვითარდა. საქართველოს ნაკრები უპირატესობას ფლობდა და 68-ე წუთზე აბურჯანიას მიერ სახიფათოდ შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ, ვლახოდიმოსმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.
76-ე წუთზე, მავრიასმა მარჯვნიდან ქართველების საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი, რომელიც კაკაბაძემ საკუთარ კარში გაიტანა. არადა, მას ხელს არავინ უშლიდა და ბურთის კუთხურის ხაზს იქიდ მოგერიება სურდა, თუმცა ავტოგოლი მიითვალა.
გაშებული გოლიდან ორ წუთში კვარაცხელიამ მცირე შედევრი შექმნა – მარცხენა ფრთიდან მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა გვერდი ორ ბერძენ მცველს აუარა და ახლო კუთხეში ზუსტად დაარტყა -1:1.

თამაშის მიწურულს საქართველოს ნაკრებს მოგების შანსიც ჰქონდა, როდესაც კანკავამ შორი მანძილიდან ძლიერად დაარტყა, მაგრამ ბერძნების მეკარე თავისი გუნდი გოლის გაშვებისგან იხსნა.
საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველი ქულა აიღო.
ვილი სანიოლის შეგირდები შესარჩევი ციკლის B ჯგუფში მომდევნო შეხვედრას 2 სექტემბერს თბილისში კოსოვოსთან ჩაატარებენ.

საბერძნეთი- საქართველო 1:1(0:0)
31 მარტი. სალონიკი. სტადიონი „ტუმბა“.
საბერძნეთი: ვლახოდიმოსი, ბაკასეტასი (კ) (მასურასი, 71), ბაკაკისი (მავრიასი, 42), ბუხალაკისი (სიოპისი, 87), ფორტუნისი, იანულისი, პაპადოპულოსი, პავლიდისი (იაკუმაკისი, 70), ცაველასი, ცოლისი (ლიმნიოსი, 46), ზეკა.
მთავარი მწვრთნელი: ჯონ ვანტ სხიპი
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე, კანკავა (კ), აბურჯანია (გვილია, 74), კიტეიშვილი (კვეკვესკირი, 84), კვარაცხელია, ლობჟანიძე (ჯიღაური, 84), ზივზივაძე (ქვილითაია, 63).
მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი
გოლი: 1:0 კაკაბაძე (76, საკუთარ კარში), 1:1 კვარაცხელია (78).
გაფრთხილება: აბურჯანია (15), ფორტუნისი (59), კიტეიშვილი (63), პაპადოპულოსი (67), იაკუმაკისი (71), ზეკა (80), კანკავა (90+1).
მთავარი მსაჯი: შიმონ მარცინიაკი (პოლონეთი)