ვილი სანიოლი: “ჩვენს მეტოქეს რთული მატჩი ექნება”

0
8

ვილი სანიოლი საბერძნეთის ნაკრებს რთულ მატჩს პირდება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის B ჯგუფში, 31 მარტს სალონიკში ბერძნებთან გასამართ დაპირისპირებამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვილი სანიოლი:”ვფიქრობ, რომ ესპანეთისა და შვედეთის წინააღმდეგ კარგი თამაში ვაჩვენეთ, თუმცა ქულების მოსაპოვებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ახლა კი, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მუშაობა გავაგრძელოთ და იგივე დისციპლინით ვითამაშოთ, როგორც ეს გასულ მატჩებში გავაკეთეთ. ჩვენს თამაშში მე ძალიან ბევრი პოზიტიური ნიშანი დავინახე. ​ფიფას რეგულაციებიდან გამომდინარე საკვალიფიკაციო ეტაპი სამი მატჩით დავიწყეთ, საიდანაც ორი შეხვედრის გამართვა სტუმრად გვიწევს.

ხვალინდელ მატჩში საბერძნეთს დავუპირისპირდებით, რომელმაც ესპანეთთან პირველ ტურში გამართული შეხვედრით თავდაჯერება მოიპოვა. მსურს, მათ ეს შედეგი მივულოცო, რადგან ესპანეთის წინააღმდეგ ქულის აღება ადვილი არ არის. საბერძნეთის წინააღმდეგ რთული შეხვედრა გველის, მაგრამ ასეთივე რთული მატჩი ექნება ჩვენს მეტოქეს”.

საბერძნეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 31 მარტს სალონიკის “ტუმბა არენაზე” თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. კოვიდ 19-ის რეგულაციების გამო საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.