შერმადინმა და მაკფადენმა მარტის MVP-ის ტიტული გაიყვეს

0
10

ევროპის წამყვანი საკალათბურთო ლიგის მარტის თვის საუკეთესო მოთამაშეებად საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები დასახელდნენ. ესპანეთის ჩემპიონატის თვის MVP-ის ტიტული ორად გაიყო და მისი მფლობელები “ტენერიფე იბეროსტარის” ცენტრი გიორგი შერმადინი და “ბურგოსის” უკანახაზელი, თად მაკფადენი გახდნენ.

თუ შერმადინისთვის ეს ტიტული მხოლოდ მიმდინარე სეზონში მესამეა (ოქტომბერში და იანვარშიც საუკეთესოდ დასახელდა), მაკფადებმა თვის MVP-ის პრიზი კარიერაში პირველად მოიგო. მოგეხსენებათ, თად მაკფადენს საქართველოს მოქალაქეობა ნატურალიზაციის გზით აქვს მიღებული და ბოლო წლებში ის ჩვენი საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია.

ისე დაემთხვა, რომ შერმადინსა და მაკფადენს მარტის თამაშებში საშუალოდ ყველაზე მეტი მარგი ქმედებიც კოეფიციენტი აღმოაჩნდათ. ორივემ 25.5-25.5 დააგროვა და ესპანური ლიგის ხელმძღვანელობამ MVP-ის ტიტული ორივეს გადასცა.

როგორც აღვნიშნეთ, შერმადინი ამ სეზონში უკვე მესამედ დასახელდა თვის მოთამაშედ. მარტში ქართველ ცენტრს საუკეთესო მატჩი 28-ე ტურში ჰქონდა, როდესაც „ვალენსიასთან“ 21 ქულას 7 მოხსნა მიამატა, მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 32-ს მიაღწია. მთლიანობაში კი მარტში შერმადინის საშუალო სტატისტიკა ასეთი იყო: 17,5 ქულა, 4,5 მოხსნა, 2,0 პასი, 1 დაფარება, 25,5 მქკ.

მაკფადენს რაც შეეხება, მისმა “ბურგოსმა“ ამ თვეში ორი მატჩი მოიგო, რაშიც საქართველოს ნაკრების უკანახაზელის დიდი წვლილი იყო. თადი შეუდარებელი იყო „უნიკახასთან“ მატჩში (101:93), რომელშიც 28 წუთი ითამაშა, 26 ქულა ჩააგდო (9-დან 6 სამქულიანი), 9 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა, მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 33 ჰქონდა. მაკფადენის საშუალო მონაგარი მარტში 23,0 ქულა, 1,0 მოხსნა, 5,5 პასი, 25,5 მქკ.

ყველაზე მთავარი მონაცემით, რასაც მარგი ქმედების კოეფიციენტი ანუ ყველა სტატისტიკური მონაცემის დამაჯამებელი ინდექსი ჰქვია, შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატში ყველას უსწრებს. თუ ლიდერობა შეინარჩუნა, შერმადინს კარგი შანსი აქვს, ესპანეთის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მოთამაშე გახდეს, რაც მისთვის და სრულიად საქართველოსთვის დიდი წარმატება და დაფასება იქნება.