ნაკრები საბერძნეთში გაემგზავრა – მინუს შენგელია, პლუს კობოური და აზაროვი

0
9

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის მესამე ოფიციალური მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. ვილი სანიოლის გუნდი, ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრას სტუმრად საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს. საქართველოს ეროვნული ნაკრები ქალაქ სალონიკში ჩარტერული ავიარეისით 30 მარტს დილით გაემგზავრა.

ლევან შენგელია მომდევნო მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. ესპანეთთან გამართული მატჩის შემდეგ, მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ნაკრებს საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ორი მოთამაშე შეუერთდა. ბათუმის დინამოს 19 წლის მცველი ირაკლი აზაროვი, რომელიც სანაკრებო შეკრებაზე პირველად იმყოფება და ასევე, დინამო თბილისის 23 წლის მოთამაშე დავით კობოური.

30 მარტს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ქალაქ სალონიკში,  ადგილობრივი დროით 18:00 საათზე ს.კ. პაოკის სტადიონზე ივარჯიშებს, საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე მთავარი მწვრთნელი მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებს.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის შეხვედრა საბერძნეთსა და საქართველოს შორის 31 მარტს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.