შერმადინმა ტენერიფელებს ვალენსია დაამარცხებინა და მორიგი MVP-ის ტიტული დაიმსახურა

0
4

გიორგი შერმადინის კიდევ ერთი შედეგიანი მატჩი, რითაც ის კიდევ უფრო მიუახლოვდა თვის მორიგ MVP-ის ტიტულს. თავის მხრივ, თვის მოთამაშის პრიზები პირდაპირ კავშირშია და განსაზღვრავს სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებას.

შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში თავის გუნდ “ლენოვო ტენერიფეს” “ვალენსია 90:86 დაამარცხებინა. ის ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო და მატჩის MVP-იც დამსახურებულად გახდა.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და 24:10 წუთში 21 ქულა, 7 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. საქართველოს ნაკრების ცენტრმა 10-დან 7 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 6-ჯერ დაირღვა. შედეგად, გიორგის სარგებლიანობის კოეფიციენტი 32-ს გაუტოლდა და ცხადია, ის მატჩის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა.

ლენოვო ტენერიფეს 20 მოგება და 5 მარცხი მოუგროვდა და ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მხოლოდ მადრიდის რეალსა და ბარსელონას ჩამორჩება. შემდეგ ტურში ტენერიფელები სტუმრად, 3 აპრილს, “ბეტისს” შეხვდებიან.

აღსანიშნავია, რომ შერმადინი მიმდინარე სეზონში ორჯერ გახდა თვის – ოქტომბრისა და იანვრის MVP და ეს შედეგი მარტშიც თუ გაიმეორა, მთლიანად სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებაში მას წინ ფაქტობრივად ვეღარავინ დაუდგება.