ლევან მაისაშვილი: “რეალურად ომში ვიყავით და ამ ომს თავი კარგად გავართვით.

0
3

რუმინეთთან საზიარო „ანთიმოზ ივერიელის თასი“ საქართველოში ზედიზედ მეოთხედ, სულ კი მე-14-ედ გამოიზამთრებს.

ბორჯღალოსნებმა 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე მატჩში, მეტოქეს 28:17 სძლიეს და „ანთიმოზის თასი“ კიდევ ერთი წლით შეინარჩუნეს, რაგბი ევროპის ჩემპიონობას კი დიდი ნაბიჯით მიუახლოვდნენ.

იმისათვის, რომ ჩემპიონობა ოფიციალურად გავიფორმოთ, დასკვნით ტურში შინ უნდა ვძლიოთ ბელგიასა და ნიდერლანდისგან ერთ-ერთს, რომელიც 29 მაისს ფლეი ოფში გაიმარჯვებს. საქართველო თასს 12-ჯერ, ხოლო რუმინეთი 5-ჯერ ფლობდა. ბოლო 10 წელიწადში საქართველო თასს 9-ჯერ დაეუფლა (გამონაკლისი – 2017).

გარდა ამისა, ბორჯღალოსნები მარტში გამართული ოთხი მატჩიდან ოთხი მოგებით, ჯამში 18 ქულით (20 შესაძლებლიდან) ლიდერობენ 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპს, რომელიც რაგბი ევროპის ჩემპიონატის ორწლიან ციკლს (2021-2022) მოიცავს. მეორე ადგილზე 9 ქულით რუმინეთია, რომელსაც მთელი საათით კაცნაკლულად მოთამაშე ბორჯღალოსნებმა 28:17 მოუგეს.

ეს იყო საქართველოს ნაკრების ზედიზედ მეხუთე გამარჯვება, აქედან ოთხი წლევანდელ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე. საფინალო სასტვენის შემდეგ, ბორჯღალოსნებმა კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი გიორგი ლომთაძის ხსოვნას, მერე კი „ანთიმოზ ივერიელის თასი“ ჩაიბარეს.

ლევან მაისაშვილი ბორჯღალოსნების თამაშით და პროგრესით კმაყოფილია:

„თამაში ჩვენთვის უჩვეულოდ დაიწყო. ძალიან რთულია ამდენი ხანი კაცნაკლულმა ითამაშო და ამან ცოტათი აგვრია, მაგრამ, როგორც ჩანს, ასე უნდა მომხდარიყო. ეს დიდი გამოცდილებაა, განსაკუთრებით ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის, რომ ისწავლონ როგორ უნდა გაართვა თავი ამოცანას წნეხში. მიუხედავად ამისა, კარგი თამაში გამოგვივიდა ტაქტიკურადაც და ტექნიკურადაც. მიუხედავად იმისა, რომ კაცნაკლულები დავრჩით, ვითამაშეთ და ამან შედეგი გამოიღო. მე ამაყი ვარ ამ ბიჭებით, რადგან რეალურად ომში ვიყავით და ამ ომს თავი კარგად გავართვით.

მოკლე პერიოდში ბევრი რამ გაკეთდა, მიუხედავად იმისა, რომ შრომა გვიწევდა პანდემიის, გაურკვევლობის და რაგბის კავშირში არეულობის ფონზე. ძალიან რთული იყო ამისგან დამოუკიდებლად საქმის კეთება. „შემოდგომის ერთა თასიდან“ დაწყებული, ყველა ჩვენი ნაბიჯი იყო წინსვლა. ეს იმ დროს, როდესაც ძალიან ბევრმა მოთამაშემ დატოვა ნაკრები, ამას დაერთო ტრავმები და მრავლად მოგვიწია ახალგაზრდა მოთამაშეების დამატება. „შემოდგომის ერთა თასზე“ გუნდი ძალიან გაიზარდა და იყო მოლოდინი, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ყველა თამაშს დიდი სხვაობით მოვიგებდით. მაგრამ მას შემდეგ შემადგენლობა 50-55%-ით შეიცვალა. მიუხედავად ამისა, ჩვენი თამაში და თავდაჯერებულობა ვიპოვეთ. ჩვენ ვიზრდებით და წლიდან წლამდე კიდევ უფრო გავიზრდებით, რის იმედსაც ეს ბიჭები მაძლევენ“.

მერაბ შარიქაძემ ქომაგს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმ სირთულეებზე ისაუბრა, რაც კაცნაკლულად თამაშმა შექმნა:

„ძალიან დიდი მადლობა იმ გულშემატკივარს, ვინც დღეს სტადიონზე მოვიდა და მხარში დაგვიდგა და მათაც, ვინც ეს ვერ მოახერხა. ძალიან დიდი მუხტი მოაქვს გულშემატკივარს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათ წინაშე თამაში. რაც შეეხება შეხვედრას, ურთულესია 14 კაცით მთელი თამაშის ჩატარება. ორმაგად გიწევს მუშაობა, ტაქტიკა უნდა შეცვალო, კომბინაციები ირევა… მაგრამ სირთულეებს თავი გავართვით. რუმინეთმა ძალიან კარგად ითამაშა და უპირატესობების გამოყენება მოახერხა, თუმცა თამაშის მართვის და შესრულების კუთხით, ჩვენ დიდი წინგადადგმული ნაბიჯი გვქონდა. გამოსასწორებელი ბევრი იქნება, მაგრამ ეს პროცესია და შრომა, გამოცდილება და ანალიზი ჭირდება“.

ნამატჩევს რუმინელთა ინგლისელმა მწვრთნელმა ენდი რობინსონმა საქართველოს ნაკრების მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა:

„გულდაწყვეტილები ვართ. ძალიან გვინდოდა ქულის აღება და მატჩის გარკვეულ მონაკვეთებში ვიყავით ეფექტურები, მაგრამ სიზუსტემ გვიმუხთლა. ისეთ გუნდთან, როგორიც საქართველოა, მნიშვნელოვანია მთელი 80 წუთი მაქსიმალურად მობილიზებული იყო. ვინაიდან ეს ვერ შევძელით, შედეგიც შესაბამისი მივიღეთ. წითელი ბარათი სამართლიანად იყო გაცემული. ამ ეპიზოდის შედეგად, ჩვენ ერთ-ერთი კარგი შემტევი მოთამაშე დავკარგეთ“.

ჩემგან დადებითი შეფასება ეკუთვნის საქართველოს. ვინაიდან მისი შეტევა იყო საკმაოდ ეფექტური. მიმაჩნია, რომ 2019 წლის მსოფლიო თასისა და „შემოდგომის ერთა თასის“ შემდეგ, მათი შეტევა ბევრად გაუმჯობესებულია. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ტემპი და თანმიმდევრობა. ასევე უნდა ავღნიშნო თქვენი 9 ნომერი (გელა აფრასიძე), რომლის რითმი ფასდაუდებელი იყო საქართველოს შეტევაში. ის საკმაოდ კარგი ახალგაზრდა მოთამაშეა“.