დასანანი მარცხი ესპანეთთან

0
8

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მეორე მატჩი ჩაატარა და თბილისში დრამატულ ბრძოლაში მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში დამარცხდა.

ეს ის შეხვედრა იყო, როდესაც მცირე გამართლების შემთხვევაში ვილი სანიოლის შეგირდებმა დამსახურებულ ქულას აიღებდნენ. მასპინძლებმა ჯგუფის გამოკვეთილ ფავორიტთან თავი არ დაზოგოს და მატჩის ფრედ დამთავრების შემთხვევაში ვერავინ იტყოდა, რომ ქართველები ამ შედეგს არ იმსახურებდნენ.

შვედეთთან მატჩთან შედარებით, ფრანგმა სპეციალისტმა საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში 4 ფეხბურთელი შეცვალა.

მარჯვენა მცველის პოზიციაზე გრიგოლ ჩაბრაძის ნაცვლად ოთარ კაკაბაძემ ითამაშა, ნახევარდაცვის ცენტრში გიორგი აბურჯანიას და ნიკა კვეკვესკირის მაგივრად მოედანზე პირველი წუთიდან ვაკო გვილია და ოთარ კიტეიშვილი იმყოფებოდნენ, ხოლო გიორგი ქვილითაია თავდასხმაში ბუდუ ზივზივაძემ ჩაანაცვალა. ამ უკანასკნელმა ნაკრების მაისურით პირველი ოფიციალური თამაში ჩაატარა.

დაცვის ცენტრში ისევ გურამ კაშია და ლაშა დვალი მოქმედებედნენ, მარცხენა ფრთაზე კი – გურამ გიორბელიძე. გუნდის კაპიტანმა ჯაბა კანკავამ ჩვეულ „საყრდენის“ პოზიციაზე ითამაშა. სხვათა შორის, კაშიამ ნაკრებში 83-ე თამაში ჩაატარა და ამ მაჩვენებლით კახა კალაძეს გაუთანაბრდა.

მარცხენა ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელიც არა მხოლოდ მასპინძლებში, არამედ ორივე გუნდში საუკეთესო გახლდათ. ნახევარდაცვის მარჯვენა ფრთაზე საბა ლობჟანიძე ირჯებოდა.

თავის მხრივ ლუისნ ენრიკემ საბერძნეთთან შეხვედრის შემდეგ, სასტარტოში 7 მოთამაშე შეცვალა.

საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან მატჩამდე, თბილისში ბოლო შეხვედრა გულშემატკივრების თანდასწრებით ევრო-2020-ის შესარჩევ ციკლში 2019 წლის 12 ოქტომბერს ირლანდიასთან ჩაატარა, რომელიც გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

მაშინ, სტადიონი სავსე იყო, ხოლო ამჯერად გულშემატკივრებმა ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენას“ 30 პროცენტი შეავსეს.

შეხვედრაში პირველი სახიფათო მომენტი ქართველების კართან შეიქმნა, როდესაც გვილიამ თავის საჯარიმოს სიახლოვეს ბურთი დაკარგა და ფერან ტორესის დარტყმის შემდეგ, ლორიამ საიმედოდ ითამაშა.

მე-18 წუთზე კვარაცხელიას მოწოდებული კუთხურის შემდეგ კაშიამ თავით დაარტყა და უნაი სიმონმა ესპანელები გოლის გაშვებას გადაარჩინა. მანამდე, კვარაცხელიამ ორჯერ შეუტია და ჯერ დიეგო ლორენტეს მიაღებინა ყვითელი ბარათი, ხოლო შემდეგ პედრო პოროს.

44-ე წუთზე მასპინძლებმა საუცხოო კონტრშეტევა განახორციელეს, რომელიც კაკაბაძემ დაიწყო და კიტეიშვილის კარგი პასის მერე, მეტოქის საჯარიმოში მყოფმა კვარაცხელიამ ბურთი მარჯვენა ფეხით გაისწორა, მარცხენათი კი ზუსტად დაარტყა – 1:0. მან თავის სანაკრებო კარიერაში მეორე გოლი გაიტანა.

ესპანელებმა მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყეს და 56-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს – მარცხენა ფლანგიდან ხორდი ალბამ საქართველოს ნაკრების კარის გასწვრივ ჩააწოდა და შორეულ კუთხესთან მდგომ ფერან ტორესს ბურთის კარში გადაგზავნა არ გაჭირვებია.

მართალია, ამის შემდეგ ესპანელები ბურთს მასპინძლებზე გაცილებით დიდი ხანი აკონტროლებდნენ, მაგრამ რეალური სახიფათო მომენტი არ შეუქმნიათ. საქართველოს ნაკრები თავს კარგად იცავდა და ცდილობდა თავისი შანსი კონტრშეტევაში ეპოვა.

ცხადია, ლუის ენრიკეს ქულა არ აკმაყოფილებდა და ძალიან ნერვიულობდა, ხოლო რამდენიმეჯერ თავად მიაწოდა მოედნის ფარგლებს გასული ბურთი თავის ფეხბურთელებს.

ბუნებრივია, უემოციოდ არც სანიოლი იყო და ამის გამო მსაჯმა ყვითელი ბარათიც აჩვენა.

მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთზე „ფურია როხას“ კონტრშეტევის დროს, ოლმომ საჯარიმო გარედან დაარტყა და კარიდან წინ გამოსული ლორია ბურთს კი მიწვდა, მაგრამ გუნდი გოლის გაშვებისგან ვერ გადაარჩინა – 1:2.

მატჩის ბოლო წუთზე არბიტრმა ლევან შენგელია უხეშობისთვის გააძევა.

ამრიგად, ესპანელებმა მსოფლიო ჩემპიონატების შესარჩევ ციკლში მეორედ მოიგეს. მათ ქართველები პირველად მუნდიალის 2014 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაამარცხეს, როდესაც მატჩის ერთადერთი გოლი 86-ე წუთზე სოლდადომ გაიტანა. ნახსენები თამაში 2012 წლის 11 სექტემბერს ჩატარდა და მაშინ, ქართველებს თემურ ქეცბაია წვრთნიდა.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ნაკრებს მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ ციკლში ზედიზედ 65 თამაშია არ წაუგია – 51 გამარჯვება და 14 მარცხი. ბოლოს ესპანელები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1993 წელს დანიასთან დამარცხდნენ – 0:1.

მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევში სანიოლის გაწვრთნილები მომდევნო შეხვედრას 31 მარტს სტუმრად საბერძნეთთან ჩაატარებენ ქალაქ სალონიკში.

საქართველო- ესპანეთი 1:2 (1:0)

28 მარტი. თბილისი. ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი.

საქართველო: ლორია, კაშია, კაკაბაძე (ჩაბრაძე, 79), დვალი, გიორბელიძე, კანკავა (კ), ლობჟანიძე (შენგელია, 70), კიტეიშვილი (ბერიძე, 71), გვილია, კვარაცხელია (კვეკვესკირი, 79), ზივზივაძე (62).

მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი

ესპანეთი: უნაი სიმონი, ხორდი ალბა, დიეგო ლორენტე ( ინიგო მარტინესი, 46), ერიკ გარსია, პედრო პორო (მარკოს ლორენტე, 65), ბუსკეტსი (კ) (ოიარსაბალი, 73), ფაბიან რუისი (ტიაგო ალკანტარა, 55), მორატა, პედრი, ფერან ტორესი, ბრაიან ხილი (დანი ოლმო, 46).

მთავარი მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლები: 1:0 კვარაცხელია (43), 1:1 ფერან ტორესი (55), 1:2 დანიელ ოლმო (90+2).

გაფრთხილება: დიეგო ლორენტე (6), პედრო პორო (13), ზივზივაძე (18).

გაძევება: შენგელია (90+4)

მთავარი მსაჯი: რადუ პეტრესკუ (რუმინეთი)