ვილი სანიოლი:”ჩემს ფეხბურთელებზე ცუდი არაფერი მაქვს სათქმელი”

0
23

ვილი სანიოლს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების მიმართ სასაყვედურო არაფერი აქვს.

ფრანგმა სპეცილისტმა ამის შესახებ მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის B ჯგუფში შინ ესპანეთთან 1:2 წაგების მერე განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ქართველები თამაშს ხვიჩა კვარაცხელიას მიერ 44-ე წუთზე გატანილი გოლით იგებდნენ, მაგრამ ფერან ტორესმა ანგარიში 56-ე წუთზე გაათანაბრა, ხოლო დანი ოლმომ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე სტუმრებს გამარჯვება მოუტანა.

ვილი სანიოლი: “ჩემს ფეხბურთელებზე ცუდი არაფერი მაქვს სათქმელი, იგივეს გავიმეორებ რაც შვედეთთან მატჩის შემდეგ ვთქვი. ვეცადეთ, რომ თავი საუკეთესო კუთხით წარმოგვეჩინა და კარგი ფეხბურთი გვეთამაშა, მეორე ნახევარში ეს ცოტა გაგვიჭირდა. მიუხედავად ამისა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვამაყობ იმით რაც დღეს ჩემმა გუნდმა აჩვენა. როდესაც კლუბში სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა გაქვს შეხვედრის ბოლოს დაღლილობა გეტყობა. ვთვლი, რომ დღევანდელ თამაშში ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ბოლო 10-15 წუთში დაღლილობის გამო შეგვექმნა.

ჩვენი გუნდი 22 მარტს შეიკრიბა და შვედეთში გამგზავრებამდე მხოლოდ ორი ვარჯიში გვქონდა. შვედეთიდან დაბრუნების შემდეგ ესპანეთს ვეთამაშეთ და ახლა საბერძნეთში უნდა გავემგზავროთ. ძალიან რთული დასაწყისია, თუმცა ეს ფეხბურთის ნაწილია, მესამე შეხვედრაში მოტივაციისა და ენთუზიაზმის ნაკლებობა არ გვექნება. ყოველდღიურ ურთიერთობაში ფეხბურთელებისგან საქმის მიმართ დიდ ინტერესს და ენთუზიაზმს ვგრძნობ, აქედან გამომდინარე მათთან მუშაობით ბედნიერი ვარ. ახლა უნდა დავისვენოთ და ენერგია სწრაფად აღვიდგინოთ. განაცხადში გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც ბევრი არ უთამაშიათ და ვფიქრობ მათ შანსი ექნებათ აჩვენონ, რომ სურთ ახალი გეგმის ნაწილი გახდნენ.

შვედეთისა და ესპანეთის წინააღმდეგ შესაძლოა ქულების აღებას არ ელოდებოდით, მაგრამ საბერძნეთში მოსაგებად მივდივართ. მთელი მატჩის განმავლობაში დაცვაში დგომას და ფრეზე თამაშს არ ვაპირებთ, საბერძნეთში სამი ქულის მოპოვება გვსურს”