ვილი სანიოლი:”კვარაცხელია სათამაშოდ მზადაა”

0
15

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის თქმით, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც შვედეთთან მატჩში შეცვალა, ხვალ ესპანეთთან დასაპირისპირებლად მზადაა.

ფრანგმა სპეციალისტმა ამის შესახებ მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის B ჯგუფის მეორე ტურში ესპანეთთან საშინაო მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვილი სანიოლი:“შვედეთის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში არაფერს შევცვლიდი, რადგან ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ მოსაგებად და როგორც მინიმუმ, მატჩის ფრედ დასრულებისთვის. ჩვენ და მოწინააღმდეგეს ერთნაირი რაოდენობის მომენტები გვქონდა, თუმცა შვედებმა ერთი გოლის გატანა მოახერხეს. ხვალ განსხვავებულ გუნდს ვუპირისპირდებით, შვედეთი და ესპანეთი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან. მნიშვნელოვანია, რომ ვკონცენტრირდეთ იმაზე, თუ როგორ ვთამაშობთ და როგორი თამაში გვინდა მომავალში, მიუხედავად იმისა ვინ იქნება მეტოქე ესპანეთი, შვედეთი, საბერძნეთი, კოსოვო თუ სხვა რომელიმე გუნდი. ეროვნულ ნაკრებში მოთამაშე მომზადებული უნდა მოვიდეს, რადგან ჩვენ ცოტა დრო გვაქვს ამისთვის. ფეხბურთელებმა კარგად უნდა იცოდნენ რა სტილის ფეხბურთის თამაში გვსურს. შეტევაში და დაცვაში იგივე დისციპლინით თამაშს ველოდები, როგორც ეს შვედეთთან ვაჩვენეთ.

​რაც შეეხება კვარაცხელიას, მან შვედეთის წინააღმდეგ გამართული შეხვედრის 30-ე წუთზე გვითხრა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა და თავის ტკივილი აწუხებდა. მოთამაშემ პირველი ტაიმის დასრულება შეძლო, თუმცა შესვენებაზე მან გვითხრა, რომ თავს უკეთ არ გრძნობდა და შეცვლა ამიტომ გავაკეთეთ. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ კვარაცხელიამ ყველა საჭირო ტესტი გაიარა და ის ესპანეთთან სათამაშოდ მზადაა. ​რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძეს, მას კუნთის ტრავმა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი უახლოეს მატჩებში ვერ დაგვეხმარება.

ჯაბა კანკავას ცვლილება ტაქტიკური ნაბიჯი იყო, ჩვენ გვსურდა, რომ ბურთზე უფრო მეტი კონტროლი დაგვეწესებინა. ამიტომ გიორგი აბურჯანიამ საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე გადაინაცვლა. რაც შეეხებათ გურამ გიორბელიძეს და გრიგოლ ჩაბრაძეს, მათ ეროვნულ გუნდში პირველი მატჩი ჩაატარეს. როგორც ყველამ იხილა ფეხბურთელებმა კარგი თამაში აჩვენეს და მე მათით ვამაყობ. ეროვნულ ნაკრებში პირველი მატჩის გამართვა ადვილი არ არის და ვფიქრობ, რომ გიორბელიძეს და ჩაბრაძეს თავის გამოჩენის საშუალება მომავალშიც ექნებათ.

ფეხბურთელებთან სამუშაოდ დიდი დრო არ მქონია, თუმცა ეს მათაც კარგად იცოდნენ და ამიტომ სავარჯიშო პროცესისას ყველა ძალიან კონცენტრირებული იყო. ამ ფაქტორმა გამიადვილა, მათთვის ამეხსნა, თუ რისი ხილვა მსურდა მოედანზე. შვედეთის წინააღმდეგ ვიხილეთ გუნდი, რომელიც კარგი დისციპლინით თამაშობდა. ამასთან ერთად ჩვენ გუნდური თამაში ვაჩვენეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ეროვნული ნაკრების მწვრთნელობისას, იმ შემადგენლობას უნდა მოერგო, რომელიც გყავს, რადგან ფეხბურთელების შეძენა არ შეგიძლია. რა თქმა უნდა, თორნიკე ოქრიაშვილი ტრავმის გამო დაგვაკლდა და ეს სამწუხაროა. კარგი ინფორმაცია ისაა, რომ მას სერიოზული დაზიანება არ აქვს. ის კარგი ფეხბურთელია და მე ველოდები თუ როდის დაუბრუნდება მოედანს და ეროვნულ ნაკრებს.

​შვედეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ სათამაშო ტაქტიკა მატჩების ანალიზის საფუძველზე რამდენიმე კვირის წინ შევარჩიეთ. შვედეთის წინააღმდეგ პირველი ნახევარი რთული გამოდგა, თუმცა ეს დასაწყისი იყო და ბუნებრივი მოვლენაა. მეორე ტაიმში კი, ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ვართ გუნდი, რომელსაც არამხოლოდ დაცვა, არამედ შეტევაც შეუძლია. ვფიქრობ, რომ ბურთს კარგად ვაკონტროლებდით და ვაჩვენეთ, რომ ქართველ ფეხბურთელებსაც შეუძლიათ კარგი ფეხბურთის თამაში. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი, რომ ისეთი ფეხბურთი ვითამაშოთ, რომელიც გულშემატკივრებს მოეწონებათ.

კოვიდ 19-ის პანდემიის გამო, მოკლე პერიოდში ბევრი მატჩის გამართვა გვიწევს, სწორედ ამიტომ ვიძახებთ ამ რაოდენობის მოთამაშეებს. ყველა მათგანმა გუნდს სარგებელი უნდა მოუტანოს. სამივე შეხვედრას ერთნაირი შემადგენლობით ვერ ვითამაშებთ, ამიტომ შესაძლებელია, რომ ესპანეთის წინააღმდეგ გარკვეული ცვლილებები განვახორციელოთ, ან არა. სასტარტო შემადგენლობის წინააღმდეგ გადაწყვეტილებას დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ მივიღებ. მოედანზე ვინც არ უნდა გამოვიდეს, ყველას ჩემი სრული ნდობა და მხარდაჭერა ექნება”/

საქართველოსა და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 28 მარტს თბილისის დინამო არენაზე 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრას, კოვიდ 19-ის პანდემიიდან გამოწვეული პაუზის, შემდეგ ქართველი გულშემატკივარი შეზღუდული რაოდენობით დაესწრება. ეროვნულ გუნდს სტადიონიდან 15 500 ადამიანი უქომაგებს. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს კი, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.