სანიოლი: “ჩემი გუნდის ნაჩვენები თამაშით ვამაყობ”

0
16

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სტუმრად შვედეთთან 0:1 წაგებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ თავისი გუნდით ამაყობს.

ვილი სანიოლი: “”ასეთი მატჩის შეფასება ასე სწრაფად ძალიან რთულია. ვფიქრობ, რომ გოლის გატანა ორივე გუნდს შეეძლო. შვედეთი უკეთესი იყო, რადგან მათ საკუთარი მომენტი გამოიყენეს, ჩვენ კი ეს ვერ მოვახერხეთ.

ამის მიუხედავად, ჩემი გუნდის ნაჩვენები თამაშით ვამაყობ, მოთამაშეებმა წარმატებისთვის ყველაფერი გაიღეს. ბევრი ახალი და ახალგაზრდა ფეხბურთელი ვათამაშეთ. მეორე ტაიმში ის თამაში ვაჩვენეთ, რომლის ნახვაც მომავალში გვსურს. ჩვენ ვიყავით გუნდი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს და რისკავს.

​ვულოცავ შვედეთს მოპოვებულ გამარჯვებას, მათ ეს დაიმსახურეს. ჩვენ კი, ეს მატჩი ვფიქრობ, რომ მომავალში გამოგვადგება. მიმაჩნია, რომ მომავლისთვის კარგი საფუძველი შევქმენით.

სამ დღეში კიდევ ერთი რთული შეხვედრა გველის, ამჯერად ესპანეთის წინააღმდეგ. უახლოეს საათებში და მომდევნო დღეების განმავლობაში ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ენერგიის აღდგენა იქნება, რადგან ფეხბურთელებმა ბევრი იბრძოლეს. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ასე მუშაობას და გუნდურად თამაშს გავაგრძელებთ კარგი მომავალი გვექნება.”