მინიმალური ანგარიშით მარცხი შვედეთში და ოთხი დებიუტი

0
9

მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნულმა გუნდმა პირველ მატჩი სტუმრად შვედეთთან ჩაატარა. არსებობის ისტორიაში ეს ნაკრებები ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდნენ.

საქართველოს ნაკრებს ტრავმების გამო გიორგი ჩაკვეტაძე და თორნიკე ოქრიაშვილი აკლდნენ, ხოლო დავით ხოჭოლავას კორონავირუსი დაუდასტურდა და ამიტომ, არ უთამაშია.

ფრანგმა ვილი სანიოლიმ, რომელსაც ქართველების თავკაცის პოსტზე დებიუტი ჰქონდა, სასტარტოში მარჯვენა მცველის პოზიციაზე გრიგოლ ჩაბრაძე დააყენა, ხოლო მარცხენა მცველის – გურამ გიორბელიძე. მათ ეროვნულ გუნდში მანამდე არასოდეს უთამაშიათ.

დაცვის ცენტრში გურამ კაშია და ლაშა დვალი იყვნენ შეწყვილებული. ნახევარდაცვის ცენტრში ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი და გიორგი აბურჯანია მოქმედებდნენ.

ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე ხვიჩა კვარაცხელია თამაშობდა, მარცხენა კი – საბა ლობჟანიძე.

თავდასხმაში მხოლოდ გიორგი ქვილითაია ირჯებოდა.

შვედების სასტარტოში ნაკრებში დაბრუნებული ზლატან იბრაჰიმოვიჩი გამოჩნდა, რომელმაც ქართველებთან დაპირისპირებამდე, ბოლო თამაში სკანდინავიელებში ევრო-2016-ზე ჩაატარა.

39 წლის „იბრა“ შვედეთის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანია ფეხბურთელია.

მე-14 წუთზე, საქართველოს ნაკრების კონტრშეტევის დროს ქვილითაიამ ბურთიანად მოედნის ცენტრიდან ირბინა, საჯარიმოში შევიდა და მეკარესთან პირისპირ გასულს ზუსტად რომ დაერტყა, ანგარიშსაც გახსნიდა.

საპასუხო შეტევაში კულუსევსკიმ დაარტყა სახიფათოდ და ლორიამ ბურთი კუთხურზე მოიგერია.

25-ე წუთზე, კლაესონმა თავით დაუგდო საჯარიმოში ბურთი ისაკსა, რომელმაც ახლო მანძილიდან ერთი შეხებით დაარტყა და ლორიამ სტუმრები გოლის გაშვებისგან იხსნა.

ამ ეპიზოდიდან 2 წუთში ლობჟანიძემ მარჯვენა ფრთიდან მეტოქის კარის გასწვრივ სახიფათოდ ჩააწოდა და შორეულ ძელთან მდგომ კვარაცხელიას ლუსტიგმა დაასწრო.

35-ე წუთზე, იბრაჰიმოვიჩმა ბურთი ქართველების საჯარიმოში მიიღო და პასი კლაესონს გაუკეთა, რომელმაც ჩაბრაძეს აჯობა და ანგარიში გახსნა.

შესვენებამდე მეტი გოლი არ გასულა და შვედებმა პირველი ტაიმი მოიგეს.

სანიოლმა შესვენებაზე კვარაცხელია შეცვალა და მის ნაცვლად თამაშში კიტეიშვილი ჩაერთო.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ამის მიზეზი კვარაცხელიას ტრავმა იყო.

მე-60 წუთზე კანკავას და კვეკვესკრიის ნაცვლად მოედანზე ვაკო გვილია და ლევან შენგელია შევიდნენ. ამ უკანასკნელმა ადგილი ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგზე დაიკავა, ხოლო ლობჟანიძემ მარჯვნივ გადაინაცვლა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჩაბრაძემ მარჯვენა ფლანგიდან შეუტია და შვედების საჯარიმოში აბურჯანია მოძებნა, რომლის თავური არაზუსტი აღმოჩნდა.

66-ე წუთზე, საქართველოს ნაკრების შეტევას მარცხნიდან შვედების საჯარიმოში გიორბელიძის ჩაწოდება მოჰყვა და ქვილითაიამ თავით ცუდად დაარტყა.

მე-80 წუთზე გვილიამ თავის საჯარიმოსთან ახლოს დაკარგა ბურთი, მაგრამ ისაკმა ხელსაყრელი პოზიციიდან სუსტად დაარტყა და ანგარიში ვერ გაზარდა.

78-ე წუთზე მოედანზე ბერიძე გამოჩნდა, რომელსაც ნაკრებში დებიუტი ჰქონდა. მან 81-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან სტუმართა შეტევა წამოიწყო, რომელიც რამდენიმესვლიანი აღმოჩნდა და საბოლოოდ შენგელიას ძალიან სახიფათო დარტყმით დასრულდა, თუმცა შვედები აშკარა გოლისგან ნეკარენ იხსნა.

84-ე წუთზე საქართველოს ნაკრებში კიდევ ერთი დებიუტი შედგა – სანიოლმა თავის გამოჩენის საშუალება მიქაუტაძეს მისცა.

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრები დამარცხდა და 2005 წლის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სტუმრად წარმატებას ისევ ვერ მიაღწია.

შვედეთი – საქართველო 1:0 (1:0)

25 მარტი. სტოკჰოლმი. სტადიონი „ფრენდს არენა“

შვედეთი: ნორდფელდტი, ოლსონი (ეკდალი, 68, სვანბერგი, 74) ლუსტიგი (კრაფტი, 84), ლინდელოფი, ლარსონი (კ), კულუსევსკი, აუგუსტინსონი, კლაესონი (ფორსბერგი, 74), ჰელანდერი, ისაკი, იბრაჰიმოვიჩი (კუაისონი, 84).

მთავარი მწვრთნელი: იანე ანდერსონი

საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, დვალი, კაშია. გიორბელიძე, კანკავა (კ) (გვილია, 60), კვეკვესკირი (შენგელია, 60), აბურჯანია, კვარაცხელია (კიტეიშვილი, 46), ლობჟანიძე (ბერიძე, 78), ქვილითაია (მიქაუტაძე, 84).

მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი

გოლი: 1:0 კლაესონი (35)

გაფრთხილება: იბრაჰიმოვიჩი (54), ოლსონი (58), აუგუსტინსონი (65), დვალი (90+5)

მთავარი მსაჯი: ბენუა ბასტიენი (საფრანგეთი)