ლევან მაისაშვილი: “თამაში უნდა ვმართოთ”

0
8

28 მარტს „მიხეილ მესხზე“ რუმინეთთან გასამართ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, ბორჯღალოსნებმა „შევარდენზე“ ღია ვარჯიში გამართეს.

საშუალო ინტენსივობის ვარჯიში მაქსიმალურად იყო მიახლოვებული თამაშს. პროცესში ჩართული იყო საქართველოს საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი, რომელიც ნაკრებთან ერთად შეკრებაზე ორი დღის წინ შევიდა.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ, მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა,  მზადებისა და მოლოდინების შესახებ ისაუბრა.

ლევან მაისაშვილი: „თამაშისთვის მოსამზადებლად საკმარისი დრო გვქონდა და შესაბამისად მოვემზადეთ. გასული კვირა დატვირთული იყო მგზავრობით, რის შემდეგაც მოთამაშეები სრულფასოვნად დავასვენეთ და სამი სრულფასოვანი ვარჯიშიც გვქონდა. სამწუხაროდ, გვაქვს ტრავმები. კვლავ ვერ ითამაშებს ვასილ ლობჟანიძე, მცირე ტრავმა აქვს დავით ნინიაშვილს, წელი აწუხებს მირიან მოდებაძეს.

თუ რუმინეთმა მოწინააღმდეგეს თავისი თამაში მოახვია, რაც კარგად გამოსდის ხოლმე, შეუძლია პრობლემების შექმნა. მაგრამ თუ თამაში ჩვენი სცენარით წარიმართა, არა მგონია რთული თამაში გამოგვივიდეს. სწორედ აქაა გასაღები მოსაძებნი, უნდა ვმართოთ თამაში. იმისათვის, რომ ღია და გაშლილი თამაში ვაჩვენოთ, აუცილებელია ორთაბრძოლების მოგება. მე მესმის, რომ ასეთ დროს თამაშის ხარისხი მაღალია და გულშემატკივარიც კმაყოფილია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გვყავს მოწინააღმდეგე, რომელიც ამას ხელს უშლის და ყველაფერი ყოველთვის ისე არ გამოგვდის, როგორც ჩვენ გვინდა.

ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენთვის ის ფაქტორი, რომ ტრიბუნებზე მაყურებლები იქნებიან. არაერთხელ მითქვამს და განვმეორდები, მაყურებელი ალამაზებს თამაშს, ჩვენთან განსაკუთრებით! გულშემატკივრი არის მე-16 მოთამაშე. ამ თანადგომას გრძნობს თითოეული მოთამაშე და სამწვრთნელო შტაბის წევრი. დიდი ხნის შესვენების შემდეგ მოგვეცემა ამის შანსი და გპირდებით – გულშემატკივარს არ გავაწბილებთ“.