ესპანეთს 64 მატჩია არ წაუგია – რამოსი რეკორდს უახლოვდება

0
3

ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა წაუგებელი მატჩების რაოდენობა 64-მდე გაზარდა.

მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის B ჯგუფის სტარტზე ესპანელებმა ბერძნებს უმასპინძლებს და მხოლოდ ქულა აიღეს – 1:1.

მატჩის 33-ე წუთზე ანგარიში ალვარო მორატამ გახსნა, ხოლო 57-ე წუთზე ბაკასეტასმა პენალტით საპასუხო გოლი გაიტანა.

ესპანელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 1993 წლიდან არ წაუგია. ბოლოს „ფურია როხა“ დანიასთან დამარცხდა.

განვლილ პერიოდში ესპანელებმა 50 მატჩი მოიგეს და 14 ფრედ დაასრულეს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 შეხვედრიდან ლუის ენრიკეს შეგირდებმა მხოლოდ ერთი მოიგეს – ერთა ლიგაში გერმანია 6:0 დაამარცხეს.

ესპანეთის კაპიტანმა სერხიო რამოსმა ნაკრებში 179-ე მატჩი ჩაატარა. მან ქუვეითელ ბადერ ალ-მუტვუს დაეწია.

34 წლის ესპანელი ფეხბურთის ისტორიაში ნაკრების დონეზე ჩატარებული თამაშების რაოდენობით მეორე-მესამე ადგილებს ომანელ აჰმედ მუბარაქთან იყოფს. პირველ ადგილზე ეგვიპტელი აჰმედ ჰასანია 184 თამაშით.

მუნდიალის შესარჩევში ესპანელები მეორე თამაშს 28 მარტს სტუმრად თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” ჩაატარებენ.