მამუკაშვილი:”ვეცდებით ეს ეტაპი სასიამოვნო ნოტაზე დავასრულოთ”

0
4

28 მარტს „მიხეილ მესხზე“ რუმინეთთან გასამართ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, ბორჯღალოსნებმა „შევარდენზე“ ღია ვარჯიში გამართეს.

საშუალო ინტენსივობის ვარჯიში მაქსიმალურად იყო მიახლოვებული თამაშს. პროცესში ჩართული იყო საქართველოს საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი, რომელიც ნაკრებთან ერთად შეკრებაზე ორი დღის წინ შევიდა.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ, შალვა მამუკაშვილმა და ლაშა ჯაიანმა მზადებისა და მოლოდინის შესახებ ისაუბრეს.

შალვა მამუკაშვილი: „სამივე გასვლითი შეხვედრა გამარჯვებით დავასრულეთ და ამ ეტაპზე, ბოლო თამაშს საკუთარ კედლებში გავმართავთ. ძალიან კარგია, რომ პირველად უკანასკნელი წელიწადნახევრის განმავლობაში, მაყურებლის წინაშე მოგვიწევს თამაში, რაც ჩვენთვის დიდი ენთუზიაზმია. მატჩიდან მატჩამდე გვქონდა პროგრესი, როგორც სათამაშო ხარისხში, ასევე ტემპში და ვეცდებით ეს ეტაპი სასიამოვნო ნოტაზე დავასრულოთ. რაც შეეხება გუნდს, მრავლად არიან ახალგაზრდა მოთამაშეები, დებიუტანტები. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ისინი ძალიან კარგად ინტეგრირდნენ გუნდში, ლიდერებად ჩამოყალიბდნენ და ეს ჩვენთან ერთად მაყურებელსაც უნდა ახარებდეს“.

ლაშა ჯაიანი: „მაყურებლის თანადგომა ძალიან დიდ მუხტს და ენერგიას გვაძლევს. მათი მხარდაჭერა მოედანზე რეალურად გვეხმარება. ცარიელ სტადიონზე ვერ იღებ საჭირო ემოციას, სულ სხვა გრძნობაა. როდესაც მოედანზე ხარ, მე-16 მოთამაშე ფიზიკურადაც კი გეხმარება და მაყურებელს ლაღ, სანახაობრივ თამაშს ვპირდებით. რუმინეთი კარგი გუნდია, ძალისმიერ რაგბს თამაშობს. ვეცდებით მეტოქე ამ ფაზებში გავანეიტრალოთ. ჩვენ მზად ვართ ბოლომდე დავიხარჯოთ“.

საქართველოსა და რუმინეთის შეხვედრა კვირას, 15 საათზე დაიწყება.