სანიოლი:”ფრე არასდროსაა კარგი შედეგი, მე ყოველთვის მოგებას ვამჯობინებ”

0
6

საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაცო ეტაპის პირველ შეხვედრაში შვედეთს დაუპირისპირდება.

24 მარტს, ვილი სანიოლის გუნდმა სოლნას ფრენდს არენაზე მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართა. საწვრთნელი პროცესში,რომელიც ერთი საათი გააგრძელდა 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. სტოკჰოლმში მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და უახლოესი შეხვედრისთვის სრული დატვირთვით ემზადება.

საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე, საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და გურამ კაშიამ პრესკონფერენცია გამართეს.

ვილი სანიოლი (საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “პირველ ყოვლისა, მსურს აღვნიშნო, რომ კოვიდ 19-ის გამო გართულებული გადაადგილებიდან გამომდინარე, მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფებით.

საკვალიფიკაციო ეტაპს იმ ნაკრების წინააღმდეგ ვიწყებთ, რომელსაც ჩვენზე მეტი გამოცდილება აქვს და უკანასკნელ წლებში წარმატებით ასპარეზობს სხვადასხვა ტურნირზე. მიუხედავად ამისა, ჩვენ აქ ჩამოვედით იმ ამბიციით, რომ ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ და საკვალიფიკაციო ეტაპი კარგი მატჩით დავიწყოთ.

ფრე არასდროს არის კარგი შედეგი, მე ყოველთვის მოგებას ვამჯობინებ. გერმანიაში თამაშისას ვისწავლე, რომ როდესაც მოედანზე გადიხარ გამარჯვებისთვის უნდა იბრძოლო, მაგრამ იქ მარტო არ ხარ და მოწინააღმდეგეს უპირისპირდები, ხვალ რთული მეტოქე გვეყოლება, დიდი გამოცდილებით და მაღალი დონის მოთამაშეებით. ჩვენ ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს, მჯერა, ისინი თავს საუკეთესო კუთხით წარმოაჩენენ და ქართველები საკუთარი გუნდით იამაყებენ.

ზლატანი? შედარება ყოველთვის რთულია. მას საოცარი კარიერა აქვს, ბევრი გოლი გაიტანა. მეც მქონდა შანსი მის წინააღმდეგ მეთამაშა. ის მსოფლიოს ტოპმოთამაშეების სიაშია. როგორ გავაჩეროთ ზლატანი? ფეხბურთი გუნდური თამაშია, ჩვენ არ გვსურს ზლატანის გაჩერება, ჩვენი სურვილია შვედეთი გავაჩეროთ. შვედეთის ნაკრებისთვის გამოცანა ვართ? შესაძლოა, ეს კარგიც იყოს, თუმცა ამ კითხვას პრესკონფერენციაზე ვერ ვუპასუხებთ, ამის საპასუხო ადგილი მოედანია.”

გურამ კაშია (საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანი): “კარგი მოლოდინი გვაქვს, სამწუხაროდ, ახალ მთავარ მწვრთნელს დიდი დრო არ ჰქონია იმისთვის, რომ გუნდი სრულყოფილად მომზადებულიყო, სულ ორი ვარჯიში ჩავატარეთ. ცოტა დრო იყო, თუმცა ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოვიყენეთ იმისთვის, რომ შეგვესწავლა ახალი მწვრთნელის სისტემა და სათამაშო ტაქტიკა. ვფიქრობ, რომ სასურველი შედეგის მისაღებად მაქსიმალურად უნდა მოვინდომოთ. რთულ ჯგუფში ვართ და ხვალაც რთული მეტოქე გვეყოლება, მაგრამ მჯერა, რომ დადებითი შედეგის მიღწევა შეგვიძლია.”

შვედეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 25 მარტს სოლნას ფრენდს არენაზე გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. მატჩს ფრანგ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი მსაჯი: ბენუა ბასტიენი, ასისტენტები: ჰიშამ ზაქრანი და ორელიან ბარტომეუ​.

შვედეთი – საქართველოს მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

​საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ვალენსიენი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი),  ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

საკვალიფიკაციო ეტაპის ბ ჯგუფის პირველი ტურის კალენდარი

25 მარტი
შვედეთი – საქართველო
​ესპანეთი – საბერძნეთი