მანო

0
31

მანუჩარ მაჩაიძის თამაშის პერიოდი თბილისის “დინამოსთვის” “ოქროს ხანა” იყო. საკავშირო პირველობებზე მოპოვებულ ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებს თავი რომ დავანებოთ, 1976-79 წლებში გუნდმა ჩემპიონობა და ორჯერ თასი მოიგო. იმდროინდელი “დინამო” დიდოსტატურ თამაშთან ერთად სტაბილური ასპარეზობითაც გამოირჩეოდა და ამაში უდიდესი წვლილი მანუჩარ მაჩაიძეს მიუძღვის. გუნდის სახელოვან კაპიტნებს შორის ბატონი მანუჩარი ერთადერთია, რომელმაც საკავშირო თასის ფინალების დასრულების შემდეგ საპატიო პრიზი ჩაიბარა. ზედიზედ რამდენიმე სეზონის განმავლობაში მანუჩარ მაჩაიძე შეუცვლელად თამაშობდა და ნებისმიერ მატჩში უზარმაზარი მოცულობის სამუშაოსაც ასრულებდა, მისი წასვლის შემდეგ კი “დინამოს” სტაბილურ გამოსვლასთან დაკავშირებით სირთულე შეექმნა. მაჩაიძის კაპიტნობისას, 1976-80 წლებში თბილისელებს შინ საკავშირო პირველობისა და თასის არცერთი მატჩი არ წაუგიათ.


მანუჩარ მაჩაიძემ ქართველ ფეხბურთელთაგან ყველაზე მეტი, 506 შეხვედრა ჩაატარა საკავშირო პირველობების მატჩებში და მისი საფეხბურთო ტალანტი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ სახელგანთქმული უცხოური კლუბების სკაუტებს. “ლივერპულის” ლეგენდარულ მთავარ მწვრთნელ ბობ პეისლიზე დინამოელთა მეშვიდე ნომერმა იმდენად კარგი შთაბეჭდილება დასტოვა, რომ მერსისაიდული გრანდი თბილისელთა კაპიტნის სანაცვლოდ იმხანად უდიდეს სატრანსფერო თანხის, ხუთი მილიონი გირვანქის გადახდას იყო ყაბულს. არადა, ბატონ მანუჩარს ხელფასი 200 მანეთი ჰქონდა… სამაგიერო კომპენსაცია კი გულშემატკივართა საყოველთაო სიყვარული და პატივისცემა გახლდათ.
ფეხბურთის ქართველ გულშემატკივრებს რამდენიმე ათეული შეხვედრის გახსენება შეუძლიათ მანუჩარ მაჩაიძის მონაწილეობით, რომლებშიც „დინამოს“ შვიდიანმა გაიბრწყინა. ქომაგებს ასევე სამუდამოდ ჩაებეჭდათ გონებაში 1972 წელს პარიზის “პარკ დე პრენსის” სტადიონის გახსნის მატჩში საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრების ნახევარმცველის მანუჩარ მაჩაიძის ულამაზესი დარტყმა და გოლი.
მანუჩარ მაჩაიძეს ისეთი დიდოსტატები მეურვეობდნენ, როგორებიც მსოფლიოს ჩემპიონები, არგენტინის ნაკრების მოუღლელი შუახაზელი ოსვალდო არდილესი და მილანის „ინტერის“ ნახევარმცველი გაბრიელე ორიალი, მაგრამ ქართველი ნახევარმცველი მათთანაც და სხვა ვარსკვლავებთან ჭიდილშიც გამარჯვებული გამოდიოდა.
დღეს მანუჩარ მაჩაიძის დაბადების დღეა…

მანუჩარ მაჩაიძე ზიკოსთან ორთაბრძოლისას