ბათუმის სტადიონზე ჰიბრიდული ბალახი დაიგო

0
7

ჰიბრიდული მინდვრის მოწყობის პროექტი სტადიონის მშენებელმა კომპანია “ანაგმა” საკუთარი სახსრებით შეასრულა. ჰიბრიდული მინდორი მსოფლიოს წამყვანმა ბრიტანულმა კომპანია SISPICHES-მა მოაწყო, რომელსაც ჰიბრიდული საფარით მსოფლიოში 100-ზე მეტი სტადიონი აქვს მოწყობილი, მათ შორის ბარსელონას “კამპ ნოუს” და მილანის “სან სიროს” სტადიონები.

უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტებით აშენებული ბათუმის საფეხბურთო სტადიონი 20 000 მაყურებელზეა გათვლილი და უახლესი მოდელის განათების, გახმოვანების და სხვა სისტემებით არის აღჭურვილი.

გარდა ამისა, ბათუმის ახალ სტადიონზე დამონტაჟდა ე.წ ხელოვნური მზე, რომელიც მინდვრის საფარის ზრდას და განვითარებას უზრუნველყოფს და სრულად შეესაბამება უეფას მოთხოვნებს. საფეხბურთო სტადიონი ქართული ცეკვა ხორუმის მოტივებზე აშენდა.

სტადიონის ფასადზე თანამედროვე განათების სისტემა დამონტაჟდა, რომელიც შესაბამისი მატჩის მიხედვით, სხვადასხვა ფერით განათდება. სტადიონის მშენებლობაზე, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან დაახლოებით 141 მლნ ლარით დაფინანსდა, 500 ადამიანი იყო დასაქმებული.

შეგახსენებთ, რომ 21-წლამდელთა ნაკრებებს შორის ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის ფინალი ბათუმის ახალ სტადიონზე ჩატარდება.