რონალდუ „რეალში“ დასაბრუნებლად მზადაა

0
7

„იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ შესაძლოა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ტურინული კლუბი დატოვოს და „რეალში“ დაბრუნდეს.

ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, 36 წლის ფეხბურთელს მიაჩნია, რომ კვლავ შეუძლია „რეალს“ ტიტულების მოპოვებაში დაეხმაროს და თუ შესაბამისი წინადადებით მიმართავენ, მას განიხილავს.

„იუვენტუსმა“ რონალდუ „რეალიდან“ 2018-2019 წლების სეზონის წინ 100 მილიონ ევროდ შეიძინა.

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მადრიდელებთან ერთად 2009-2018 წლების სეზონებში 15 ტიტული მოიგო – 2-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, 2-ჯერ ესპანეთის თასი, 2-ჯერ ესპანეთის სუპერთასი, 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 2-ჯერ ევროპის სუპერთასი და 3-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

„რეალში“ ასპარეზობის დროს რონალდუ „ოქროს ბურთს“ 4-ჯერ დაეუფლა.

რონალდუმ „იუვენტუსში“ ყველა ტურნირზე 123 თამაში ჩაატარა და 95 გოლი გაიტანა.

მან მიმდინარე სეზონში იტალიის სერია A-ში გამართულ 24 მატჩში მეტოქეთა კარი 23-ჯერ აიღო.