„ბაიერს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს

0
6

ლევერკუზენის „ბაიერის“ ხელმძღვანელებმა პეტერ ბოში გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს. ეს ინფორმაცია ლევერკუზენელთა ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

ნიდერლანდელი სპეციალისტი გუნდს 2018 წლის 23 დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა, მისი გაშვების მიზეზი გუნდის მიერ მიმდინარე სეზონში ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი შედეგებია.

კერძოდ, „ბაიერი“ ევროპა ლიგიდან გავარდა, ხოლო გერმანიის თასს მე-4 ლიგის კლუბთან მარცხის შემდეგ გამოეთიშა. გარდა ამისა, ლევერკუზენელებმა ბუნდესლიგაში ჩატარებული ბოლო 9 მატჩიდან 2 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 5 წააგო.

ამ სეზონის ბოლომდე „ბაიერს“ ჰანეს ვოლფი უხელმძღვანელებს, რომელიც მანამდე გერმანიის 18-წლამდელთა ნაკრებს ავარჯიშებდა.

მისი ასისტენტი პეტერ ჰერმანი იქნება, რომელიც „ბაიერში“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად 1989-2008 და 2009-2011 წლებში მუშაობდა.