სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა პირველად ივარჯიშა

0
10

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა დღეს არასრული შემადგენლობით პირველად ივარჯიშა. ს.კ.ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე საწვრთნელ პროცესში 16 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

ეროვნული ნაკრების ლეგიონერები – გიორგი ლორია, გიორგი ქვილითაია, გურამ გიორბელიძე, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი მიქაუტაძე, ლევან შენგელია, ოთარ კაკაბაძე, დავით ხოჭოლავა და ვაკო გვილია თბილისში დღეს გვიან ღამით ჩამოვლენ. ეროვნული ნაკრების ლეგიონერები გუნდთან ერთად პირველ ვარჯიშს ხვალ გამართავენ.

ვილი სანიოლმა ეროვნული ნაკრების 25 კაციანი შემადგენლობა გასულ კვირას დაასახელა, კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატის ბოლო ტურში მიღებული ტრავმის გამო ნაკრებს თორნიკე ოქრიაშვილი გამოაკლდა და მის ნაცვლად გუნდს ვაკო გვილია დაეხმარება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები 23 მარტს თბილისში კიდევ ერთ ვარჯიშს გამართავს, მოგვიანებით კი სტოკჰოლმში ვილი სანიოლის გუნდი ჩარტერული ავიარეისით გაემგზავრება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას 25 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე, სტუმრად შვედეთის წინააღმდეგ გამართავს.
მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა შვედეთის, ესპანეთისა და საბერძნეთის წინააღმდეგ:
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ვალენსიენი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)