მესი აბსოლუტური რეკორდსმენია

0
7

ლიონელ მესიმ „ბარსელონას“ მაისურით ყველა ტურნირზე 768 მატჩი ჩაატარა, რაც კლუბის არსებობის ისტორიაში აბსოლუტური რეკორდია. მან კატალონიელთა ყოფილი კაპიტნის ხავის (767 თამაში) მიღწევა გააუმჯობესა.

მესიმ რეკორდი ესპანეთის ლა ლიგის 28-ე ტურში სტუმრად „სოსიედადთან“ 6:1 მოგებულ მატჩში დაამყარა, რომელშიც 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.

ლიონელი „ბარსას“ აკადემიას 2000 წელს შეუერთდა, ხოლო პირველ გუნდში დებიუტო 2004 წელს ჰქონდა.

მან „ბარსელონაში“ 34 ტიტული მოიგო და 6-ჯერ „ოქროს ბურთი“ მოიპოვა.

მესიმ კატალონიელთა რიგებში ყველა ტურნირზე 663 გოლი გაიტანა და კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. გარდა ამისა, მან 264 საგოლე პასი შეასრულა.

„მარტო მწვერვალზე. მოთამაშე სხვა სამყაროდან. კოსმიური ციფრი“ – ასე გამოეხმაურა „ბარსელონას“ ტვიტერი მესის მიღწევას.

მესიმ მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მესის პირველ გუნდში დაწინაურების შემდეგ, „ბარსელონა“ ზედიზედ 16 სეზონია ყველა ტურნირზე 100 ან მეტ გოლს იტანს.

კატალონიელებს ლა ლიგაში ჩატარებული ბოლო 18 მატჩიდან არცერთი წაუგიათ – 15 გამარჯვება და 3 ფრე.