ლევან მაისაშვილი:”დაგეგმილი 5 ქულა ავიღეთ”

0
6

რაგბი ევროპის მე-3 ტურში კალინინგრადში რუსეთის ნაკრებთან 23:6 გამარჯვების შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ასეთი კომენტარი გააკეთა:

“დაგეგმილი 5 ქულა ავიღეთ. ესპანეთის შემდეგ რთული კვირა გვქონდა, რადგან ფაქტობრივად სულ მგზავრობაში ვიყავით და ბიჭების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ძალიან კარგი თამაში აჩვენეს.

როგორც მატჩის წინ ავღნიშნე, მარტო მოგებაზე არ ვართ ორიენტირებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალი მოთამაშეებისთვის შანსის მიცემა. ბაბუნაშვილს ძალიან კარგი დებიუტი ჰქონდა. მან ბევრი იშრომა ამ შანსისთვის და ეს სრულებით დაიმსახურა.

ისე, როგორც ექვსი კვირის წინ, რუსეთმა დღესაც კარგად დაიწყო, მწვრთნელებს აშკარად ბევრი აქვთ ნამუშევარი და დარწმუნებული ვარ, შემდეგ თამაშებში რუსეთი ბევრად უკეთესი იქნება. ექვსი კვირის წინ თბილისში ჩატარებული მატჩი, ჩვენთვის პირველი იყო შემადგენლობის და შეკრების კუთხით. ახლა უკეთ მოვემზადეთ და შედეგიც სახეზეა“.

ბორჯღალოსნების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ, გუნდის სახელით მიუსამძიმრა აშშ-ში გარდაცვლილი ყოფილი მორაგბის, გიორგი ლომთაძის ოჯახს და აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა მას ეძღვნებოდა:

„ჩვენ რამდენიმე დღის წინ აშშ-ში ძმა დავკარგეთ – გიორგი ლომთაძე, „ჩორნა“ და ეს თამაში მას ეძღვნებოდა… ის ჩვენთვის, ყველასთვის, ძალიან საყვარელი ადამიანი იყო. იმედია, სადაც არის, ჩვენი ესმის და მინდა იცოდეს, რომ ძალიან მაგრად გვიყვარს, ყოველთვის გვემახსოვრება და მთელი ნაკრები, მის ოჯახს ცხარე გულით უსამძიმრებს…

რაც შეეხება თამაშს, ვფიქრობ, კარგი შეხვედრა ჩავატარეთ და კარგი ლელოებიც გავიტანეთ. თავისთავად იყო შეცდომებიც, რასაც ვერ გავექცევით, თუმცა მიმაჩნია, რომ მატჩიდან მატჩამდე ვვითარდებით. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ასპექტები ჯერ კიდევ გამოსასწორებელი გვაქვს, სანახაობრივი ლელოები გავიტანეთ და შემდეგ თამაშზე კიდევ უფრო თავდაჯერებული ვიქნებით“.