ქართული ოჯახი ბელგიაში-ფეხბურთელი ბენიკო ნოზაძე და მისი ძმები – მორაგბეები

0
95

გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველო  დაახლოებით ორმა მილიონმა  თანამემამულემ  სხვადასხვა მიზეზის გამო დატოვა და ევროპის, ამერიკისა და აზიის ქვეყნებში დასახლდნენ. მათი გარკვეული ნაწილის  შვილები სპორტსმენები   გახდნენ, წარმატებით   თამაშობენ სხვადასხვა ქვეყნების კლუბებში, ზოგიერთი კი საქართველოს ეროვნულ  და ასაკობრივ ნაკრებებში, ჩვენთვის ამ ეტაპზე  ყველაზე საინტერესოა საფრანგეთში დაბადებულ-გაზრდილი და ბელგიის კლუბ  „სერანში “ იჯარით მყოფი ფრანგული „მეცის“  ფეხბურთელი გიორგი (ჟორჟი ) მიქაუტაძე, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ჩვენი ქვეყნის ნაკრებში იასპარეზებს.

ბოლო წლებში მე გაგაცანით ბელგიაში დაბადებულ-გაზრდილი ფეხბურთელი, კლუბ „Waasland Beveren“ და საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების 19 წლის მცველი საბა ჭინჭარაული, გერმანიაში დაბადებულ -გაზრდილ 14 წლის ფეხბურთელი, კლუბ „ბაიერ 04“ (ლევერკუზენი) ფორვარდი  მარიამ  ჯანგირაშვილი, საფრანგეთში დაბადებულ-გაზრდილი USONM CAEN SENiOR R1 19 წლის ფეხბურთელი ზურაბ სოფრომაძე.

დღეს კი მსურს გაგაცნოთ  ბელგიაში მცხოვრები ქართული სპორტული ოჯახი-20 წლის  ფეხბურთელი  ბენიკო ნოზაძე და მისი 19 წლის  ძმები -ტყუპები ირაკლი და ნიკა. მათ შესახებ  ინფორმაცია მომაწოდა ბელგიაში 2001 წლიდან მცხოვრებმა ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელმა, თბილისის «ივერიისა « და საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრების  ბრწყინვალე ფორვარდმა ირმა ქარდავამ (მას  1980 წლების ბოლოს ქართულ და სსრკ პრესაში და საფეხბურთო სამყაროში მარადონას ეძახდნენ, რადგან ირმა გამოირჩეოდა ფანტასტიკური ტექნიკით, ბომბარდირული თვისებებით და გარეგნული მსგავსებით დიეგოსთან).

დასაწყისში ვესაუბრე  ძმები ნოზაძეების მამას მერაბ ნოზაძეს.

– ბატონო  მერაბ!  27 წლის წინ დატოვეთ საქართველო, როგორ აღმოჩნდით ბელგიაში?

– დიდი მადლობა რომ გაგვიკავშირდით, ჩვენთვის სამშობლოდან ასეთი ზარი განსაკუთრებით საყურადღებო და მნიშვნელოვანია.  მე დავიბადე (1962 წ) -გავიზარდე ჭიათურაში, ბავშვობიდან მიყვარდა სწავლა -განათლება და სპორტი, ვთამაშობდი ფეხბურთს ჭაბუკთა გუნდში, ამბობენ  კარგად ვთამაშობდი (იცინის )… სკოლის დასრულების შემდეგ ვმუშაობდი ჭიათურაში და ერთდროულად ვსწავლობდი  საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფილიალში ( საღამო განყოფილება), შემდეგ მომიწია ორწლიანი სავალდებულო სამსახური ჯარში ( ლენინგრადის ოლქი), საქართველოში დაბრუნების შემდეგ ცხოვრება გავაგრძელე თბილისში- დავასრულე  საქართველოს პოლიტექნიკური ინტიტუტი, რომელიც წითელ დიპლომზე დავამთავრე. თბილისში დავიწყე მუშაობა, 1991-1993 წწ მქონდა მცირე ბიზნესი ვაკეში, როცა საქართველოში  სიტუაცია გამწვავდა, მათ შორის კრიმინოგენური და ეკონომიკური ვითარება, გადავწყვიტე წავსულიყავი ქვეყნიდან. მეგობარ-ნაცნობების მხარდაჭერით 1993 წელს აღმოვჩნდი გერმანიაში, ცოტა ხნით დავბრუნდი თბილისში, 1994 წლიდან კი ვცხოვრობ ბელგიაში, ანტვერპენში. ბევრი სირთულე გადავიტანე ბელგიაში ადაპტაციის პერიოდში, ნელ- ნელა ავაწყვე ცხოვრება, ზაფხულობით ჩამოვდიოდი საქართველოში , სამშობლოში გავიცანე ჩემი მომავალი მეუღლე მაია ჯაში (ბათუმელია), რომელიც 1991-1992 წწ  სწავლობდა ლენინგრადში მეორე სამედიცინო სასწავლებელში. აფხაზეთში 1992 წ. აგვისტოში ომის  დაწყების შემდეგ აღარ წასულა ლენინგრადში, სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი  ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ დავოჯახდით და 1998 წლიდან მაია ჩემთან ერთად ცხოვრობს ბელგიაში. სამი ბიჭი გვყავს -20 წლის ბენიკო და 19 წლის ტყუპები -ირაკლი და ნიკა, ოჯახში ქართულად ვსაუბრობთ, ბიჭებმა კარგად იციან მშობლიური ენა და  ბელგიაში ცხოვრების დროს არ გასჭირვებიათ სხვა ენების შესწავლა- ფრანგულის, ჰოლანდიურის, ინგლისურის. უფროსმა, რომელიც რამდენიმე წელი ესპანეთში თამაშობდა ფეხბურთს-ესპანურიც ისწავლა. პანდემიის დაწყებამდე, თითქმის ყოველ წელს ზაფხულობით ჩამოვდიოდით საქართველოში. ძალიან მენატრება საქართველო,მენატრება  ჭიათურა, თბილისი, ბათუმი, უახლოეს წლებში ვაპირებთ დაბრუნებას საქართველოში…მინდა გითხრათ, რომ განსაკუთრბით მენატრება სოხუმი და გაგრა, სადაც ხშირად ჩავდიოდი 1970-1980 წლებში.

ამის შემდეგ გავესაუბრე ფეხბურთელ ბენიკო ნოზაძეს,რომელიც დაიბადა 2000 წლის 10 ოქტომბერს ანტვერპენში.

– ბენიკო, წავიკითხე თქვენ შესახებ მონაცემები და პატარა ასაკიდან ყოფილხართ გატაცებული ფეხბურთით?

– 5 წლის ვიყავი, მამამ რომ მაჩუქა ბურთი  და  ისე შემიყვარდა ფეხბურთის თამაში ბელგიელ ბავშვებთან, რომ ცოტა ხანში შემიყვანეს  საბავშვო გუნდში … მამა და დედა ბავშვობიდან სულ მიყვებოდნენ რომ საქართველოს მეოცე საუკუნეში ჰყავდა მსოფლიო დონის ფეხბურთელები, მიყვებოდნენ თბილისის „დინამოს“ უდიდეს წარმატებებზე 1970-1980 წწ, საქართველოში რომ ჩამოვდიოდით ზაფხულობით ვხედავდი როგორ  უყვარს ჩვენ ხალხს ფეხბურთი. ბელგიაშიც ძალიან უყვართ ფეხბურთი და ბელგიის ნაკრების შედეგებიც ადასტურებს ამას. მოკლედ, ჩემი გატაცება ფეხბურთით გადავიდა პროფესიულ დონეზე.  სულ თავდასხმაში მიწევდა თამაში, მიყვარს ტექნიკური თამაში, მიყვარს იმპროვიზაცია,  ვთამაშობდი გუნდებში „Tubantia Borgerhout“ (2005-10), Kfc „Schoten“ (2010-13), „City Pirates“  Antwerpen (2013-16), ამის შემდეგ კი ესპანეთში- ჯერ „Lacross Babel“ FC (Spain 2016-19), შემდეგ კი  „Valencia Soccer Academy“ (2019-2020). პანდემიის გამო 2020 წლის  ოქტომბრიდან ესპანეთში  შეწყდა ჭაბუკთა  ასაკობრივი გუნდების ჩემპიონატი, მშობლებთან კონსულტაციის შემდეგ  ბელგიაში დავბრუნდი, სადაც აგრეთვე შეწყდა ასაკობრივი გუნდების პირველობა. ბოლო თვეები  ვვარჯიშობ ინდივიდუალურად როგორც ყველა ჩემი ტოლი, ვცდილობ ვიყო ფორმაში, განვაახლე კონტაქტები მეგობრებთან და მენეჯერებთან, ვემზადები იმისათვის, რომ უახლოეს თვეებში დავიწყო თამაში ბელგიის, ესპანეთის ან  ევროპის  რომელიმე სხვა ქვეყნის კლუბში. მიდის მუშაობა ამ მიმართულებით.

-თუ საქართველოს რომელიმე გუნდმა მიგიწვია სათამაშოდ, მაშინ?

– მე ვადევნებ თვალს საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების გამოსვლებს, საქართველოს ჩემპიონატს  და ქართული კლუბების გამოსვლას ევროპის საკლუბო ტურნირებში. თუ  საქართველოს ეროვნული ლიგის გუნდი გამოიჩენს ინტერესს მე,  რასაკვირველია, უარს არ ვიტყვი. თუ ეს ბათუმის „დინამო“ იქნება-  ერთი-ორად გამიხარდება, დედაჩემი ხომ ბათუმელია, ხშირად ჩავდიოდით ბათუმში, სადაც ჩვენი ნათესავები ცხოვრობენ, ძალიან გაგვიხარდა ახალი სტადიონის გახსნა ბათუმში . არ მინდა გავასწრო მოვლენებს , უახლოეს თვეებში გახდება ცნობილი სად გავაგრძელებ საფეხბურთო კარიერას. მე ფეხბურთით ვცხოვრობ, სხვათა შორის ფუტსალსაც ვთამაშობდი ერთი პერიოდი ბელგიის გუნდებში. ვსარგებლობ  შემთხვევით და ვულოცავ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ფუტსალში შესანიშნავ გამარჯვებებს სომხეთთან (თბილისში 5:0 და ერევანში 3:2), იმედია, 9 აპრილს სახლში საქართველოს ნაკრები წარმატებით ითამაშებს საფრანგეთთან და მოიპოვებს უფლებას იასპარეზოს 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჰოლანდიაში».

ბენიკოს ძმები,  19 წლის ტყუპები ირაკლი და ნიკა რამდენიმე წელი წარმატებით თამაშობდნენ ბელგიის სარაგბო კლუბებში ( „ანტვერპენი“, „ნაციონალი“), იყვნენ ფლანდრიის რეგიონისა და ბელგიის ჭაბუკთა ნაკრების  წევრები.  ორი წლის წინ ორივე ძმამ   საფრანგეთში გამართული ტურნირის შემდეგ   გადაწყვიტეს მთლიანად გადართულიყვნენ სწავლაზე და წარმატებით სწავლობენ ანტვერპენში,  თუმცა კავშირს რაგბთან არ წყვეტენ. სხვათა შორის, მათი მამიდაშვილი გიორგი ჩაფიჩაძე მორაგბეა, ცხოვრობს და თამაშობს საფრანგეთში.

მასალა მოამზადა თენგიზ პაჭკორიამ

ფოტო მ.ნოზაძის ოჯახის არქივიდან