გმადლობ, თემურ!

0
11

ქართულ ფეხბურთს არაერთი უმაღლესი კლასის მოთამაშე აღუზრდია. ჩვენ თანამემამულე ფეხბურთელებს ოლიმპიადაც მოუგიათ, ევროპის ჩემპიონატიც და კონტინენტის საკლუბო ტურნირებიც. თემურ ქეცბაიას ეს სიმაღლეები არ დაუპყრია, მაგრამ არცერთ გულშემატკივარს მოუბრუნდება ენა გალში დაბადებული მოთამაშე რომელიმე ქართველ ფეხბურთელზე ნაკლებ პროფესიონალად მოიხსენიოს.
თემურმა საკუთარი ნიჭის, შრომის, ვარჯიშებზე დაღვრილი ოფლის, გაუტეხლობის, გულიანობის ხარჯზე გაიკვლია გზა დიდი ფეხბურთისკენ. ქეცბაიამ ქართველ და უცხოელ ქომაგებს არაერთი ტაში მოსწყვიტა და საკუთარი წონიანი სიტყვა თქვა ევროპულ ფეხბურთში.
ქეცბაია 18 წლისა ჩაირიცხა თბილისის „დინამოში“ და უმოკლეს დროში გუნდის წამყვან მოთამაშედ იქცა. შემდეგ იყო წარმატებული კარიერა ფამაგუსტას „ანორთოსისში“ და ათენის აეკ–ში. ბერძენ ფანებს დღემდე ახსოვთ თემურის მონდომებული, მაღალოსტატური თამაში.
კარიერის დიდი, მნიშვნელოვანი ნაწილი ქეცბაიამ ნისლიან ალბიონზე გაატარა. „ნიუკასლ იუნაიტედში“ მწვრთნელები ქართველ ფორვარდს ნაკლებად ენდობოდნენ, არადა, რამდენჯერაც გავიდა თემურ ქეცბაია სათამაშოდ ნიუკასლელთა შავ–თეთრი ზოლიანი მაისურით, გუნდისთვის ყოველთვის სარგებლობა მოჰქონდა. თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, ქართველის მიერ ზაგრებში , ხორვატიის ჩემპიონის კარში ასპარეზობის ბოლო წუთებზე გატანილმა გოლმა ნიუკასლელები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე რომ გაიყვანა.
ცალკე საუბრის თემაა თემურ ქეცბაიას თამაში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში. მისთვის ნებისმიერ კლუბზე მნიშვნელოვანი სამშობლოს ნაკრები იყო. თემური ჩვენი ეროვნული გუნდის უცვლელი წევრი, ერთ–ერთი ლიდერი, მეგოლე და იმედი გახლდათ.
გავიხსენოთ ქეცბაიას მიერ გატანილი გოლები უელსის, გერმანიის, კვიპროსის, მოლდოვას, პოლონეთის, ალბანეთის, ისრაელის ნაკრებებთან. თემური ყოველთვის თამაშის ტონის მიმცემად გვევლინებოდა, გულშემატკივარი ვერ გაიხსენებს ქეცბაიას უგულო თამაშს, ყოველთვის პატივს სცემდა მაყურებელს და ქართველმა ქომაგმაც თემურ ქეცბაიას საქმისადმი პროფესიული მიდგომა, თავდაუზოგავი თამაში სიყვარულით დაუბრუნა.
დღეს თემურ ქეცბაიას დაბადების დღეა, ვულოცავთ…