ვილი სანიოლი:”ფეხბურთელებმა კვირიდან კვირამდე უნდა დამტკიცონ, რომ ნაკრებში თამაშს იმსახურებენ”

0
13

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მედიისთვის პირველი პრესკონფერენცია ჩაატარა.

ფრანგი სპეციალისტი სასტუმრო “შერატონის” საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების კითხვებს თითქმის ერთი საათის განმავლობაში პასუხობდა:

„პირველ ყოვლისა ვიტყვი, რომ ეს განსაკუთრებული მომენტია, პირველად ვხვდებით და ძალიან ბედნიერი ვარ. რასაკვირველია, ბოლო რამდენიმე კვირა ვაკვირდებოდით ნაკრების ყველა კანდიდატს და იოლი არ იყო გადაწყვეტილების მიღება. გასაგებია, რომ არსებობს მოთამაშეები, რომლებიც ადრე ნაკრებში რეგულარულად ხვდებოდნენ, მაგრამ ეს არის ახალი ეტაპი, თავგდასავალი და პრაქტიკულად ყველაფერი თავიდან იწყება. ფეხბურთელებმა კვირიდან კვირამდე უნდა დამტკიცონ, რომ ნაკრებში თამაშს იმსახურებენ. ვფიქრობთ, გამოვიძახეთ ის ფეხბურთელები, რომლებიც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად იმსახურებენ ნაკრებში თამაშს.

ეროვნულ ლიგაში თამაში ნაკრებში მოსახვედრად პრობლემა და დაბრკოლება არასდროს უნდა იყოს. ცხადია, ყველა, მათ შორის წამყვან ნაკრებშიც არსებობს პრობლემები, აქ ვერ იყიდი ფეხბურთელს, როგორც კლუბში. გვყავს საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც გამოვიძახეთ, მაგალითად მიქაუტაძე და ბერიძე. არ ვფიქრობ, რომ რომელიმე რგოლში პრობლემა გვაქვს, უფრო მეტი პოტენციალი შეტევაშია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვა პოზიციებზე ახლა პრობლემა გვაქვს.

საქართველოს ჩემპიონატში მომუშავე მწვრთნელებთან შეხვედრა არ მქონია, მაგრამ მომავალში აუციბლებლად შევხვდები მათ, კლუბების წარმომადგენლებს და გავიზიარებ მათ შთაბეჭდილებასა და მოსაზრებას. აგრეთვე არ გამივლია კონსულტაცია ალან ჟირესთან, მაგრამ მასაც დავუკავშირდები, საქართველოს კულტურისა და ფეხბურთის შესახებ მოვუსმენ. ამ ეტაპზე პრიორიტეტული სხვა რამ იყო – მოკლე დროში ფეხბურთელებზე მაქსიმალურად დაკვირვება.

ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელთა შორის, მაკარიძე იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა მის კლუბთან საუბარი გვქონდა და გადავწყვიტეთ გაგვეთვალისწინებინა ის, რომ მისი გუნდი ლა ლიგაში გადასასვლელად იბრძვის. ასევე არის კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომლის კლუბთან გვქონდა პრობლემა, სხვა შემთხვევაში ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. წინა მწვრთნელებზე ვერ ვისაუბრებ, ყველას თავისი აზრი გააჩნია. თუ ფეხბურთელი უთამაშებელია, მაშინ სჯობს არ გამოიძახო და ეს არგუმენტი აღარ იარსებებს. შევეცდები, მე ასე ვიხელმძღვანელო. რაც შეეხება ნაკრების კაპიტანს, მომდევნო სამ მატჩში ჯაბა კანკავა იქნება და მასზე ბევრი დადებითი მსმენია. თუმცა, რა თქმა უნდა, ფეხბურთელებთან ამ საკითხზე ვისაუბრებ და ჯერჯერობით ამ საკითხის განხილვა დღის წესრიგში არ დგას.

რა თქმა უნდა, ყველას უნდა შემტევი, ლამაზი ფეხბურთის თამაში და დიდი ანგარიშთ გამარჯვება. მაგრამ ერთია სურვილი და მეორე რესურსი. მთავარია, რომ ჩემი ფილოსოფია მოერგოს ჩვენს რესურსს, ბევრი კარგი შემტევი მოთამაშე გვყავს, თუმცა ყველა თამაში განსხვავებულია, ჩვენ ვხვდებით შვედეთს, ესპანეთს, საბერძნეთს, ეს ერთნაირი მატჩები არ იქნება. სათამაშო სტილი და ფილოსოფია მეტოქიდან გამომდინარეც უნდა შეირჩეს.

აქამდე, ვრცლად ვისაუბრე იმ მიზეზებზე რის გამოც აქ ჩამოსვლა გადავწყვიტე. რასაკვირველია ბევრი ფაქტორი არსებობს, სპორტული თუ ფინანსური, მაგრამ მთავარი ადამიანური ფაქტორი იყო. ფედერაციის ხელმძღვანელებს 20 წელია ვიცნობ და მათ მაგრძნობინეს, რომ ჩემთან თანამშრომლობა სურდათ და შესაბამისად მივიღე გადაწყვეტილება აქ ჩამოვსულიყავი. კარიერაში ოჯახური მოტივით სამწლიანი პაუზა მქონდა და ვფიქრობ, ახლა ნაბიჯი წინ გადავდგი.

ცხადია, როგორც ფეხბურთის მოყვარულს ყოველთვის მომწონს ძლიერი ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში, როგორიც არის ზლატან იბრაჰიმოვიჩი. ეს სასიამოვნო იქნება და არა პრობლემა, მასთან თამაშით ფეხბურთელებიც დიდ გამოცდილებას მიიღებენ და მხოლოდ წაადგებათ. ვფიქრობ, რომ პროფესიონალი ფეხბურთელისთვის ყოველ სამ-ოთხ დღეში თამაში პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. ისინი კლუბებშიც ამ რეჟიმში თამაშობენ და ვფიქრობ, ეს პრობლემა არ უნდა იყოს.

როდესაც გერმანიაში გადავედი, სწორედ იქ ვისწავლე ბევრი რამ და გავაცნობიერე, რომ დისციპლინისა და დაუღალავი შრომის გარეშე წარმატების მიღწევა ძნელი იყო. დღემდე ჩემს ფეხბურთელებს სწორედ ამას ვეუბნები, რომ მთავარი არის დისციპლინა და შრომა. მიქაუტაძე? ცხადია მასთან ვისაუბრე, მაგრამ მანამდე იყო ფედერაციის მხრიდან გაწეული სამუშაო, რათა მას საქართველოს ნაკრებში ეთამაშა და ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ის დაგვთანხმდა ჩვენთან ეთამაშა. ფეხბურთელებს ხშირად ვეუბნები, რომ დისციპლინა და გუნდური თამაში დიდი გუნდებისთვისაც პრიორიტეტული უნდა იყოს.

ჩრდილოეთ მაკედონიასთან თამაშს რაც შეეხება, ეს არის წარსული და პროფესიონალმა ფეხბურთელმა წარსულში მომხდარი უნდა დაივიწყოს. ეს უნდა წარმოადგენდეს მოტივაციას, რომ მომავალში მსგავსი დიდი შანსი კიდევ მიიღონ. ცხადია, რეალური მოლოდინები უნდა გვქონდეს, უამისოდ წარმატების მიღწევა რთულია. ვიცით, რომ ძალიან რთულ ჯგუფში ვართ და ადვილი არ იქნება, მაგრამ ჩვენ ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ.

ხვიჩა კვარაცხელია მარჯვენა თუ მარცხენა ფლანგზე? პირველ რიგში ძალიან მიხარია, რომ ის კარგ ფორმაში იმყოფება. რა თქმა უნდა, მის სათამაშო პოზიციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს, მაგრამ შვედეთთან თამაშის წინ ამაზე არ ვისაუბრებ.

ამირან სანაიაზე დაკვირვება მიმდინარეობდა და მომავალშიც გაგრძელდება, მაგრამ ამ ეტაპზე არჩევანი ახალგაზრდებზე გავაკეთეთ და ზოგადად, ახალგაზრდა ფეხბურთელები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ დავესწრებით ასაკობრივი ნაკრებების თამაშებს და მაქსიმალურად ყველას მიეცემა შანსი. ნაკრების კარი არავისთვის დახურული არ არის. ქართველი ფეხბურთელები ტოპ ლიგებს მიღმა? მიმაჩნია, რომ ქართველ ფეხბურთელებს შეუძლიათ წამყვან გუნდებში თამაში. თუნდაც, გიორგი ჩაკვეტაძე, რომელსაც ტრავმა რომ არ მიეღო, უკვე იქნებოდა წამყვან გუნდში”.

პრესკონფერენციაზე იმყოფებოდა ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი, რომელმაც შემდეგი თქვა:

“ეს არის ის ფორმატი, რომლის ფარგლებშიც ერთმანეთს ყოველი სანაკრებო შემადგენლობის გამოცხადების შემდეგ შევხვდებით. თქვენ საშუალება გექნებათ უშუალოდ მთავარ მწვრთნელთან გაიაროთ ყველა ის საკითხი, რომელიც გაინტერესებთ. ვფიქრობ, რომ ასე მუშაობა ბევრად უფრო საინტერესოა. სპორტულ საკითხებზე, რა თქმა უნდა, მთავარი მწვრთნელი გიპასუხებთ, სხვა დანარჩენ საორგანიზაციო საკითხებზე კი შეგიძლიათ მე მომმართოთ”.

ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად 15 თებერვალს დაინიშნა. მისი დებიუტი 25 მარტს, შვედეთის ნაკრებთან საგარეო მატჩში შედგება. გარდა ამისა, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრები 28 მარტს, ესპანეთს თბილისში უმასპინძლებს და 31 მარტს სალონიკში საბერძნეთს ესტუმრება.