“სიტის” მშრალი სერია და გვარდიოლას მიღწევები

0
7

„მანჩესტერ სიტიმ“ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩში შინ მიონხენგლადბახის „ბორუსია“ 2:0 დაამარცხა და ზედიზედ მეოთხედ 1/4-ფინალში გავიდა. შეგახსენებთ, რომ ინგლისელებმა პირველი თამაში სტუმრად ანალოგიური ანგარიშით მოიგეს.

მატჩის მე-13 წუთზე „სიტი“ კევინ დე ბრუინმა დააწინაურა, ხოლო მე-18 წუთზე ილკაი გიუნდოგანმა მეორე გოლი გაიტანა და მსაჯის საფინალო სასტვენამდე ანგარიში აღარ შეცვლილა.

მანჩესტერელთა მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგაში 82-ე თამაში მოიგო და ამ მაჩვენებლით მე-4 ადგილზე გადაინაცვა, გაასწრო რა „ტოტენჰემის“ თავკაც ჟოზე მოურინიოს.

გამარჯვებათა რაოდენობით ტურნირის რეკორდსმენი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონია – 102, მეორე ადგილზე „ევერტონის“ ამჟამინდელი დამრიგებელი იტალიელი კარლო ანჩელოტია – 89, ხოლო მესამეზე „არსენალის“ ექსთავკაცი ფრანგი არსენ ვენგერი – 86.

აღსანიშნავია, რომ „სიტიმ“ ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მეშვიდე მატჩი ისე მოიგო, რომ გოლი არ გაუშვია. მანჩესტერელები ამ ამჩვენებლით „მილანს“ გაუთანაბრდნენ, რომლის „მშრალი სერია“ 2005 წლის აპრილში დასრულდა.

რეკორდი „არსენალს“ ეკუთვნის, რომელმაც 2006 წლის აპრილამდე 10 მატჩში მეტოქეებს გოლი არ გაატანინა.

სხვათა შორის, ზედიზედ 8 სეზონია „სიტი“ ყველა ტურნირზე 100 ან მეტ გოლს იტანს.

ეს ინგლისურ ფეხბურთში მეორე მაჩვენებელია – რეკორდი „მანჩესტერ იუნატედს“ ეკუთვნის, რომელიც 2004-20013 წლებში (9 სეზონი) 100 ან მეტი ბურთი გაჰქონდა.

გარდა ამისა, პეპ გვარდიოლას გაწვრთნილ გუნდებს ბოლო 12 სეზონის განმავლობაში ყველა ტურნირზე 100 ან მეტი გოლი გააქვთ.

გვარდიოლა „სიტიმდე“, „ბარსელონასა“ და „ბაიერნს“ ავარჯიშებდა. მისმა გუნდებმა ყველა ტურნირზე გამართულ 686 თამაშში 1718 გოლი გაიტანეს.