მესის მორიგი რეკორდები

0
4

ლიობელ მესი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის ტოპ-5 ლიგაში (ესპანეთის ლა ლიგა, ინგლისის პრემიერ ლიგა, იტალიის სერია A, გერმანიის ბუნდესლიგა და საფრანგეთის ლიგა 1) ზედიზედ 13 სეზონის განმავლობაში 20 ან მეტი გოლი გაიტანა.

ლა ლიგის 27-ე ტურში „ბარსელონამ“ „უესკა“ მიიღო და 4:1 დაამარცხა. მესიმ ანგარიში მე-13 წუთზე გახსნა, 35-ე წუთზე მეტოქის კარი გრიზმანმა აიღო, პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე რაფა მირმა პენალტიდან სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა, 53-ე წუთზე ოსკარ მინგესამ მასპინძლები კიდევ უფრო დააწინაურა, ხოლო 90-ეზე მესიმ დუბლი მიითვალა.

აღსანიშნავია, რომ მესიმ „ბარსას“ მაისურით ყველა ტურნირზე 767 შეხვედრა ჩაატარა და ხავის საკლუბო რეკორდი გაიმეორა. ლეოს ანგარიშზე 661 გოლი და 263 საგოლე პასია.

არგენტინელმა „უესკას“ ორივე გოლი საჯარიმოს ფარგლებს გარედან გაუტანა და მან ლა ლიგაში შორი მანძილიდან მოწინააღმდეგეთა კარი 85-ჯერ აიღო.

შედარებისთვის, „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ „რეალში“ ასპარეზონის დროს ესპანეთის ჩემპიონატში საჯარიმოს ფარგლებს გარედან 42 გოლი გაიტანა.

მესი ლა ლიგის ბომბარდირთა დავას 21 გოლით ლიდერობს. მეორე ადგილზე 18 გოლით „ატლეტიკოს“ ფორვარდი ლუის სუარესია, ხოლო მესამე პოზიციაზე 15 გოლით „რეალის“ თავდამსხმელი კარიმ ბენზემაა.

„ბარსელონას“ ლა ლიგაში ზედიზედ 17 თამაშია არ წაუგია. ნიდერლანდელი რონალდ კუმანის შეირდები ბოლოს გასული წლის 5 დეკემბერს „კადისთან“ (1:2) დამარცხდნენ.

„ბარსელონა“ 59 ქულით მე-2 ადგილზეა და ლიდერ „ატლეტიკოს“ 4 ქულით ჩამორჩება, ხოლო მესამეადგილოსან „რეალს“ 2 ქულით ასწრებს.