კრიშტიანუ რონალდუმ ყველა ტურნირზე ოფიციალურ მატჩებში გატანილი გოლების რაოდენობით ლეგენდარულ ბრაზილიელ პელეს აჯობა. მის ანგარიშზე 770-ე გოლია, ხოლო ფეხბურთის „მეფედ“ წოდებულმა მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონმა 767 გოლი მიითვალა.
სხვათა შორის, პელემ მისი მიღწევის გაუმჯობესება კრიშტიანუს ინსტაგრამით მიულოცა.
იტალიის ჩემპიონატის 27-ე ტურში „იუვენტუსმა“ სტუმრად „კალიარის“ 3:1 აჯობა და პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა 22 წუთში იდეალური ჰეთ-თრიქი შეასრულა – მან გოლები თავით, მარცხენა და მარჯვენა ფეხით გაიტანა.
36 წლის რონალდუმ კარიერაში ამაზე სწრაფად ერთ მატჩში 3 გოლი მხოლოდ „რეალში“ თამაშის დროს გაიტანა – 2015 წელს „ესპანიოლთან“ 6:0 მოგებულ მატჩში მას ჰეთ-თრიქისთვის 20 წუთი დასჭირდა.
საერთო ჯამში რონალდუმ კარიერაში 57 ჰეთ-თრიქი მიითვალა – ერთხელ „მანჩესტერ იუნატედში“, 44-ჯერ „რეალში“, 3-ჯერ „იუვენტუსში“, ხოლო 9-ჯერ პორტუგალიის ეროვნულ გუნდში.
რონალდუმ კარიერის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნების უმაღლეს დივიზიონებში 600-ჯერ ითამაშა და მოწინააღმდეგეთა კარი 473-ჯერ აიღო.
პორტუგალიელმა „რეალში“ ჩატარებულ 311 მატჩში ესპანეთის ლა ლიგაში 292 გოლი გაიტანა, „მანჩესტერ იუნაიტედში“ 196 თამაშში 84 გოლი, „იუვენტუსში“ 87 სეხვედრაში 75 გოლი, ხოლო „სპორტინგში“ 25 შეხვედრაში 3 გოლი.
მან მიმდინარე სეზონში იტალიის სერია A-ში 23 ბურთი გაიტანა და მეორე ადგილზე მყოფ „ინტერის“ ბელგიელ ფორვარდ რომელუ ლუკაკუს 4 გოლით სჯობს.
აღსანიშნავია, რომ რონალდუს იტალიის ჩემპიოონატში 18 სტადიონზე უთამაშია და უგოლოდ არცერთი დაუტოვებია.
