„არსენალის“ გატეხილი ნავსი და მოურინიოს მეცხრე მარცხი

0
5

„არსენალმა“ ინგლისის პრემიერ ლიგის 28- ტურში შინ „ტოტენჰემი“ 2:1 დაამარცხა.

მატჩის 33-ე წუთზე ეფექტური „რაბონათი“ ანგარიში „ტოტენჰემის“ 29 წლის არგენტინელმა ლეგიონერმა ერიკ ლამელამ გახსნა. მან ბოლო წელიწადნახევარში „დეზების“ მაისურით პირველი გოლი გაიტანა.

„არსენალთან“ შეხვედრამდე ლამელამ პრემიერ ლიგაში ბოლოს თავი 2019 წლის 14 სექტემბერს „კრისტალ პალასთან“ (4:1) გამოიჩინა.

„არსენალიდან“ 44-ე წუთზე თავი მარტინ ედეგორმა გამოიჩინა, რომელმაც „მეთოფეთა“ მაისურით ინგლისის ჩემპიონატში პირველი გოლი მიითვალა. მანამდე, „რეალიდან“ იჯარით აყვანილმა 22 წლის ნორვეგიელმა ევროპა ლიგის 1/8-ფინალის პირველ დაპირისპირებაში ბერძნული „ოლიმპიაკოსი“ (3:1) დაამწუხრა.

მასპინძლებს 64-ე წუთზე ფრანგმა ლაკაზეტმა მოაგებინა, რომელმაც პენალტი გამოიყენა.

აღსანიშნავია, რომ „არსენალმა“ ჩრდილოეთ ლონდონის დერბიში 2018 წლის 2 დეკემბრის შემდეგ პირველად მოიგო. გუშინდლამდე, ბოლოს „ტოტენჰემი“ „მეთოფეებთან“ 2:4 დამარცხდა. მას შემდეგ „დეზებს“ პრინციპულ მეტოქესთან ყველა ტურნირზე 5 თამაშია არ წაუგიათ – 3 გამარჯვება და 2 ფრე.

„ტოტენჰემმა“ მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში 9 თამაში წააგო. გუნდის მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოსთვის ეს შედეგი სამწვრთნელო კარიერაში ანტირეკორდის გამეორებაა. ის 9-ჯერ 2015-2016 წლების სეზონში ლონდონის „ჩელსიში“ მუშაობის დროს დამარცხდა.