„დინამომ“ თბილისური დერბი მოიგო

0
6

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-4 ტურში თბილისის „დინამომ“ თანაქალაქელი „საბურთალო“ მიიღო და 4:3 დაამარცხა.
მატჩის მე-5 წუთზე ანგარიში სერბმა ზორან მარუშიჩმა გახსნა, ხოლო მე-16 წუთზე შოთა ნონიკაშვილმა თანაფარდობა აღადგინა.
31-ე წუთზე მარუშიჩმა მეორე გოლი გაიტანა, რასაც პირველი ტაიმის მე-3 წუთზე ნონიკაშვილი დუბლი მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ 20 წლის ნონიკაშვილმა კარიერაში ეროვნულ ლიგაში მე-4 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი მიითვალა.
55-წუთზე „დინამო“ წინ გიორგი გაბედავამ გაიყვანა, რომელმაც პენალტი გამოიყენა. 69-ე წუთზე გიორგი პაპავამ შორი მანძილიდან დარტყმით მასპინძლები კიდევ უფრო დააწინაურა.
71-ე წუთზე „დინამოს“ კარი იური ტაბატაძემ აიღო, მაგრამ დარჩენილ დროში „საბურთალომ“ მოწინააღმდეგის კარი მეტჯერ ვერ აიღო და ამ სეზონში პირველი თამაში წააგო.
დღეს გამართულ კიდევ ორ მატჩს რაც შეეხება, გორის „დილამ“ სტუმრად წყალტუბოს „სამგურალს“ 2:1 აჯობა, ხოლო „ტორპედოსა“ და „თელავის“ შეხვედრა 2:2 დასრულდა.
„სამგურალი“ –„დილას“ შეხვედრის მე-6 წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში შალვა ბურჯანაძემ გახსნა. 65-ე წუთზე „დილას“ ბრაზილიელმა ლეგიონერმა ვანდერსონ სილვამ თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან საპასუხო ბურთი გაიტანა.
გორელებს 3 ქულა 79-ე წუთზე ზუსტი დარტყმით გვინეელმა ლეგიონერმა უსმან კამარამ მოუტანა.
„ტორპედო“ – „თელავის“ მატჩში სტუმრები ლაშა შერგელაშვილმა დააწინაურა, რომელმაც თავი ზედიზედ მეორე თამაშში გამოიჩინა.
ქუთაისელთა პალესტინელმა ლეგიონერმა ფადი ზიდანმა 48-ე წუთზე თელაველები დაამწუხრა. მან 67-ე წუთზე დუბლი მიითვალა. თუმცა, „ტორპედომ“ ამ სეზონში პირველი თამაში მაინც ვერ მოიგო, რადგან იმედა აშორტიამ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე მასპინძლების კარი აიღო.
მეოთხე ტურის დასკვნით შეხვედრაში თბილისის „ლოკომოტივი“ ქობულეთის „შუქურას“ მიიღებს.
სატურნირო ცხრილს 10 ქულით გორის „დილა“ ლიდერობს, მეორე ადგილზე ამდენივე ქულით ბათუმის „დინამოა“, ხოლო 7 ქულით მესამე პოზიციაზე თბილისის „დინამოა“.