ბორჯღალოსნებმა ესპანეთი სტუმრად დაამარცხეს

0
8

ესპანელმა „ლომებმა“ მადრიდში ბორჯღალოსნებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და თამაშში ბოლო წამებამდე დარჩნენ, თუმცა ქართველ მორაგბეებს თავდადება დაუფასდათ და 25:19 მოიგეს.

ეს იყო 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე შეხვედრა, რომელიც ასევე 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპია. საფრანგეთის საგზურს, რაგბი ევროპის ორი მოწინავე (2021 და 2022 წლების ჩემპიონატის ჯამით) მიიღებს, მესამე კი საკონტინენტთაშორისო ფლეი-ოფში ჩაერთვება. საქართველო ორიდან ორი მოგებით და 9 ქულით პირველ ადგილზეა და მდევარ რუმინეთს ოთხი ქულით უსწრებს, მომავალ მეტოქე რუსეთს კი – ხუთით (ერთი თამაში).

წლევანდელ რაგბი ევროპის ჩემპიონატს ბორჯღალოსნები გადახალისებული შემადგენლობით ატარებენ, რაც გარკვეულწილად ტრავმებითაა გამოწვეული. გუნდს ვერ ეხმარებიან ბექა გორგაძე, ოთარ გიორგაძე, მიხეილ ნარიაშვილი, ლევან ჩილაჩავა, გიორგი ცუცქირიძე, გრიგორ ქერდიყოშვილი, ვანო კარკაძე. სხვადასხვა მიზეზით არ არიან კოტე მიქაუტაძე, თამაზ მჭედლიძე, ზურაბ ჟვანია. კონკრეტულად ამ თამაშში მოვისაკლისეთ ბექა საღინაძე და ვასილ ლობჟანიძე.

ამ ფონზე გაფართოებულ შემადგენლობაში მრავლად არიან ახალი სახეები. მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატი მსოფლიო თასის შესარჩევი ციკლიცაა, მწვრთნელები ხშირად მიმართავენ ექსპერიმენტებს და როტაციას, რაც გარკვეული რისკის შემცველია.

ესპანეთის წინააღმდეგ პირველად ითამაშეს სასტარტო შემადგენლობაში გია ხარაიშვილმა და ირაკლი ცხადაძემ, რომელთაც პირველი სანაკრებო კეპები ერთი კვირის წინ, ლისაბონში მოიპოვეს და ორივე მათგანმა ამოცანას თავი კარგად გაართვა. საიმედოდ ითამაშა და აქტიური იყო 18 წლის ფულბეკი დავით ნინიაშვილი, რომელსაც საკლუბო დონეზე საქართველოს პირველ ლიგაზე მაღალი დონის ჩემპიონატში არ უთამაშია, თუმცა უკვე მეოთხე საერთაშორისო შეხვედრა ჩაატარა. ბორჯღალოსნების კვართით მესამე თამაში ჩაატარა მიხეილ ალანიამ.

მთლიანობაში, 23-კაციან განაცხადში 10 ისეთი მორაგბე იყო, რომელთაც ჯერ 10 კეპიც არ მოუხვეჭავთ. მათ შორის იყო უკეპო გიორგი ბაბუნაშვილი, რომელსაც თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე, არც ახლა მოუწია მოედანზე გასვლა.

თამაში სარაგბო, მზიან დარში გაიმართა და გუნდებმა სწრაფად შეძლეს ლელოების გაცვლა. ბორჯღალოსნებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს, პირველ დაკიდებულ ბურთზე ჰაერში ნინიაშვილმა იბრძოლა და მეტოქე დააჯარიმა, დერეფანს 22-ში ფორვარდების დარტმები მოყვა, მერე გელა აფრასიძემ ხაზი გაჭრა ბურთი თორნიკე ჯალაღონიას ამოუგდო. ესპანელმა თავგანწირვით ითამაშა და ნახტომში ოვალი ქართველამდე არ მიუშვა, თუმცა ის ლელოში შეგორდა და ჯალაღონიამ ლელო ზედიზედ მეორე მატჩში მიითვალა, თედო აბჟანდაძემ კი გარდასახა.

სამწუხაროდ, უკვე მე-7 წუთზე საპასუხო შეცდომა დავუშვით. ფეხით შეცურებულ ბურთზე პირველი პიერ ბარტერი იყო, რომელმაც წნეხში პასის გაკეთება მოასწრო, გიორგი კვესელაძემ ბურთის დამორჩილება ვერ მოახერხა და ბრედლი ლინქლეითერმა სწრაფი ლელოთი გვიპასუხა, ხოლო ბაუტისტა გუემესმა გარდასახა.

ბორჯღალოსნები მაღალ ტემპში, ხელდახელ ცდილობდნენ თამაშის აწყობას და აკა ტაბუცაძე ფრთაზე გაიქცა, თუმცა ბოლო პასმა არ ივარგა და სალელოვე შეტევა ჩაიშალა. ესპანეთი, რომელიც საფრანგეთის საგზურს უმიზნებს, დაცვაში აგრესიულად თამაშობდა, სწრაფად წევდა ხაზს და შემტევებს გასაქანს არ აძლევდა, მაგრამ მე-14 წუთზე დაჯარიმდა და აბჟანდაძემ სტუმრებს ლიდერობა დაუბრუნა.

ამის შემდეგ ჩვენს თამაშში შეცდომები მომრავლდა. შესვენებამდე დერეფანში არასწორი მოწოდებისთვის სამჯერ დავკარგეთ ბურთი, „ლომები“ ინიციატივას დაეუფლნენ და მრავალფეროვანი, სწრაფი შეტევები წამოიწყეს. ბორჯღალოსნებმა შეძლეს მათი მოგერიება ორჯერ ლელოს გატანასთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ ორივეჯერ ბურთი შეტევაში დავკარგეთ. ტაიმის მიწურულს შეცდომები უკვე ჩვენს 22-ში დავუშვით, ორჯერ დავჯარიმდით, პირველ შემთხვევაში ბურთი ძელმა აისხლიტა და ის ისევ მეტოქეს დარჩა, მეორეჯერ კი ბაუტისტა ზუსტი იყო და ტაიმი 10:10 დასრულდა.

მეორე ტაიმში ორი ლელო გავიტანეთ, მაგრამ კვლავ გვქონდა შეცდომები, ორჯერ ჩვენი დერეფანი დავკარგეთ, რამდენჯერმე დავჯარიმდით და მეტოქე თამაშში ბოლომდე დარჩა. დებიუტში, დერეფანში ბურთის დაკარგვას ჯარიმა მოყვა და ესპანეთი მატჩში პირველად და უკანასკნელად დაწინაურდა.

პასუხმა არ დააყოვნა, გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ხაზი ორ წუთში გაჭრა, ორი მბოჭავი ხელის კვრით ჩამოიცილა, ბოლო მცველი აიყვანა და ლელოში ტაბუცაძე შეუშვა. აბჟანდაძის გარდასახვა ძელმა აისხლიტა. ბორჯღალოსნებმა შეძლეს ბურთზე კონტროლის დამყარება და ხელდახელ სცადეს თამაში, მაგრამ მეტოქემ შეძლო ბურთის ჩაჭრა და ლელოს თავდადებული დაცვის ხარჯზე გადავურჩით.

მერე ძალისმიერ თამაშში საქართველოს უპირატესობა გამოიკვეთა, მასპინძლები ზედიზედ ორჯერ დაჯარიმდნენ, აბჟანდაძემ მე-60 წუთზე კარის წინ 10 მეტრიდან გაიტანა და უპირატესობა 5 ქულამდე გაზარდა. ამას კვლავ შეცდომები მოყვა და ლინქლეითერმა ჯარიმით მალევე გვიპასუხა.

ბორჯღალოსნების საპასუხო იერიშმა არ დააყოვნა, 5-მეტრიანი დერეფნიდან კარგი მოლი დადგა და ჯაბა ბრეგვაძემ მესამე ლელო გაიტანა, აბჟანდაძემ კი გარდასახა, მაგრამ ერთ წუთში ფეხით მოგერიებისას შევცდით, დავჯარიმდით და ესპანეთმა ჯარიმით სხვაობა 6 ქულამდე დაიყვანა, რამაც მათ დასკვნით წუთებში მოგების იმედი დაუტოვა.

„ლომებმა“ ჯარიმა კარში აღარ დაარტყეს და სახიფათოდ გვიტიეს, თუმცა ბორჯღალოსნებმა შეძლეს ჩათვლის მოედნის დაცვა, შემდეგ მასპინძლები შეცდნენ და საქართველომ უხერხულ მეტოქესთან უმძიმეს ბრძოლაში 25:19 იმარჯვა. ეს იყო ამ გუნდების 22-ე დაპირისპირება, საიდანაც 18 ჩვენი გამარჯვებით დასრულდა.

ახლა ბორჯღალოსნები შინ დაბრუნდებიან და ექვს დღეში გასამართი მორიგი მატჩისთვის მოემზადებიან. 20 მარტს, საქართველოს დროით 15 საათზე რუსეთს კალინინგრადში ვერკინებით.

ნამატჩევს ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი შედეგით კმაყოფილი იყო:

„თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ და პირველივე წუთზე შევძელით ქულის აღება. სამწუხაროდ, მალევე მივიღეთ საპასუხო ლელო. არ გაგვიმართლა და ბურთი ხელიდან ცუდად ახტა, რაც ხდება ხოლმე და ვერავის დავადანაშაულებ. მატჩის მსვლელობისას, როგორც კი უპირატესობას ვიღებდით, იქვე გვეწეოდა ჩვენი შეცდომები და მეტოქე თამაშში ბოლომდე დარჩა“.

„თამაშის მართვა კვლავ პრობლემად რჩება, თუმცა წინგადადგმული ნაბიჯი გვაქვს. ესპანეთი გაცილებით ძლიერი გუნდია, ვიდრე პორტუგალია და რაც მთავარია, დასახული ამოცანა შევასრულეთ – გასვლითი შეხვედრა მოვიგეთ. ამ რთულ მატჩში ბონუსის აღებაც შეიძლებოდა“.

„დისციპლინის კუთხით პრობლემები გვქონდა. პირველ ტაიმში უფრო გონივრულად ვითამაშეთ, მეორეში კი ბევრი უაზრო ჯარიმა ავიღეთ. დიდი წნეხი არ იყო, მაგრამ გუნდში მრავლად არიან ახალგაზრდა მორაგბეები და ხშირად ემოციები ჭარბობს. ისინი სწორედ ასეთ თამაშებში იზრდებიან“.

ბორჯღალოსნების კაპიტანი მერაბ შარიქაძე ესპანეთის ნაკრების სიძლიერეს აღნიშნავს და იმედოვნებს, რომ შეცდომები მომდევნო თამაშისთვის გამოსწორდება:

„გუნდი რომ განვითარდეს, აუცილებელია ვიყოთ თვითკრიტიკულები. უკეთ თამაში შეიძლებოდა. ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ, თუმცა, რაც ნაკრებში ვარ, არ მახსენდება ესპანეთისთვის მადრიდში იოლად მოგვეგოს. ისინი საკუთარ მოედანზე ყოველთვის განსაკუთრებულად ბრძოლობენ. რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და დარწმუნებული ვარ, მათთან თამაში ნებისმიერ მეტოქეს გაუჭირდება, განსაკუთრებით მადრიდში“.

„მთავარია, რომ მოვიგეთ. ახლა წინ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს. ამ თამაშიდან უნდა წავიღოთ პოზიტიური მომენტები და ნეგატივის გამოსწორებაზე ვიმუშაოთ, რათა შეცდომები არ დავუშვათ“.

2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი

(+2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი)

II ტური

14 მარტი. მადრიდი

ესპანეთი  საქართველო 19:25

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკა ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. დემე თაფლაძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. გელა აფრასიძე;

შერკინება: 1. ბექა გიგაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. გია ხარაიშვილი, 4. ლაშა ჯაიანი, 5. დავით გიგაური, 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. ირაკლი ცხადაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია;

მარქაფა: 16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. გიორგი თხილაიშვილი; 21. მიხეილ ალანია, 22. გიორგი ბაბუნაშვილი, 23. სანდრო თოდუა.

3 ლელო: ჯალაღონია, ტაბუცაძე, ბრეგვაძე

2 გარდასახვა: აბჟანდაძე

2 ჯარიმა: აბჟანდაძე

 

პორტუგალია – რუმინეთი 27:28

20 მარტი

რუსეთი – საქართველო

რუმინეთი – ესპანეთი