ბენზემა ვილიას გაუთანაბრდა

0
5

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კარიმ ბენზემა ესპანეთის ლა ლიგაში გატანილი გოლებით  „ფურია როხას“ ექსთავდამსხმელ დავიდ ვილიას გაუთანაბრდა.

ესპანეთის ლა ლიგის 27-ე ტურში მადრიდის „რეალმა“ თავის მოედანზე „ელჩე“ 2:1 დაამარცხა.

სტუმრები 61-ე წუთზე კალვოს გოლით დაწინაურდნენ, ხოლო ბენზემამ ანგარიში 73-ე წუთზე გაათანაბრა. ფრანგმა თავდამსხმელმა ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე სტუმართა კარი მეორედ აიღო და თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 10 დეკემბრის შემდეგ „რეალმა“ ლა ლიგაში მსაჯის მიერ დამატებულ დროში თამაში პირველად მოიგო. მაშინ, მადრიდელებმა სერხიო რამოსის გოლით „დეპორტივო“ 3:2 დაამარცხესს.

ბენზემამ ლა ლიგაში ჩატარებულ 372 მატჩში 184 გოლი გაიტანა. ის ესპანეთის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირების სიაში მე-12 ადგილს დავიდ ვილიასთან იყოფს, რომელმაც ამდენივე გოლი 352 შეხვედრაში გაიტანა.

ბენზემა 2 ბურთით ჩამორჩება „რეალის“ ლეგენდარულ ფორვარდ სანტილიანას, რომელიც ლა ლიგის მეგოლეებში მე-11 ადგილზეა.

აქვე გეტყვით, რომ რეიტინგს 463 გოლით ლიონელ მესი ლიდერობს.

აღსანიშნავია, რომ ბენზემამ ლა ლიგაში ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში გაიტანა და 15 გოლით „ვილიარელიას“ ფორვარდ ხერარდ მორენოსთან ერთად ამ სეზონის საუკეთესო ბომბარდირების სიაში მე-3 ადგილს იყოფს.

მეორე პოზიციაზე 18 გოლით „ატლეტიკოს“ ფორვარდი ლუის სუარესია, ხოლო ბომბარდირთა დავას 19 გოლით „ბარსელონას“ კაპიტანი ლიონელ მესი ლიდერობს.

„რეალს“ ზედიზედ 8 მატჩია არ წაუგია – 6 გაამრჯვება და 2 ფრე.