„მილანი“ წაგებას 92-ე წუთზე გადარჩა

0
12

უეფას ევროპა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში „მილანი“ სტუმრად „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ჩატარებულ შეხვედრაში მარცხს მსაჯის საფინალო სასტვენამდე ერთი წუთით ადრე გადაურჩა.

„ოლდ ტრაფორდზე“ ჩატარებული შეხვედრის 50-ე წუთზე 18 წლის დიალომ ანგარიში თავური დარტყმით გახსნა. მან მანჩესტერელთა მაისურით პირველი გოლი გაიტანა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე სტუმრებმა კუთხური მოაწოდეს და სიმონ კიაერმა ასევე თავით მეტოქის კარი აიღო.

ლონდონის „არსენალმა“ სტუმრად ბერძნულ „ოლიმპიაკოსს“ 3:1 აჯობა. სტუმრებიდან თავი ოდეგოორმა (34), გაბრიელმა (80) და ელ ნენიმ (85) გამოიჩინეს, ხოლო მასპინძლებიდან ინგლისელთა კარი ელ არაბიმ აიღო.

აღსანიშნავია, რომ ნორვეგიელმა ედეგორმა, რომელიც „არსენალში“ მადრიდის „რეალმა“ გაანათხოვრა, მეთოფეთა მაისურით პირველი გოლი გაიტანა.

ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილმა „ტოტენჰემმა“ ზაგრების „დინამო“ მიიღო და 2:0 აჯობა. მასპინძლებში დუბლი ჰარი კეინმა შეასრულა, რომელმაც მიმდინარე სეზონში ლონდონელთა მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 37 მატჩში 26 გოლი გაიტანა და 16 საგოლე პასი მიითვალა.

ევროპა ლიგის 1/8-ფინალის დანარჩენ მატჩებს რაც შეეხება, „გრანადამ“ შინ „მიოლდეს“ 2:0 აჯობა, „აიაქსმა“ თავის მოედანზე „იანგ ბოიზი“ 3:0 დაამარცხა, კიევის „დინამო“ საკუთარ კედლებში „ვილიარეალთან“ 0:2 დამარცხდა, პრაღის „სლავიამ“ სახლში „გლ;აზგო რეინჯერსთან“ 1:1 ითამაშა, ხოლო „რომამ“ „სტადიო ოლიმპიკოზე“ დონეცკის „შახტარს“ 3:0 აჯობა.

ევროპა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო შეხვედრები 18 მარტს შედგება.