გოგონათა ასაკობრივი ევროპის ჩემპიონატების განახლებული ფორმატის წილისყრა უეფაში

0
5

უეფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2021-22 წლების სეზონიდან გოგონათა 17-წლამდე და 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატი განახლებული ფორმატით გაიმართება.

11 მარტს, 2021-22 წლების სეზონის გოგონათა 17-წლამდე და 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის განახლებული ფორმატის პირველი რაუნდის წილისყრა შედგა.

​საქართველოს 17-წლამდე და 19-წლამდე გოგონათა ნაკრებები B ლიგაში იასპარეზებენ. 17-წლამდელები პირველ რაუნდის B1 ჯგუფში – ბელარუსის, კოსოვოსა და ლუქსემბურგის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან. 19-წლამდელები კი, B4 ჯგუფში მოხვდნენ და მათი მეტოქეები ისრაელი, რუმინეთი და მალტა იქნებიან.

​ფორმატის ცვლილების მიუხედავად, ძალაში რჩება მინი-ტურნირების პრინციპი. საქართველოს 17-წლამდე ნაკრები პირველი რაუნდის მატჩებს მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან 14 ნოემბრამდე პერიოდში გამართავს. 19-წლამდელთა მინი-ტურნირები კი, 14-21 სექტემბერს და 19-26 ოქტომბერს გაიმართება. პირველი რაუნდის ჯგუფების მასპინძელი ქვეყნები და მატჩების სრული კალენდარი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

​ახალი ფორმატის მიხედვით, საკვალიფიკაციო ეტაპს და ელიტ-რაუნდს, უეფას  ერთა ლიგის მსგავსი გათამაშება ჩაანაცვლებს. ფინალურ ეტაპამდე გუნდები ორ რაუნდიან შესარჩევ ეტაპს გაივლიან. პირველ რაუნდში ტურნირის მონაწილე 52 ნაკრები რეიტინგის მიხედვით A და B ლიგაში გადანაწილდება. A ლიგაში შვიდი ოთხგუნდიანი ჯგუფი შეიქმნება, B ლიგაში კი, ექვსი. მეორე რაუნდში A ლიგაში ასპარეზობის უფლებას B ლიგის ექვს პირველ ადგილოსანთან ერთად, ერთი საუკეთესო მეორე ადგილოსანი მოიპოვებს.

შესარჩევი ეტაპის მეორე რაუნდში დარჩენილი 28 გუნდი წილისყრის შედეგად 7 ჯგუფში გადანაწილდება და ჯგუფების გამარჯვებულები ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლებას მოიპოვებენ. სადაც მათ ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის ნაკრები დაემატება. საბოლოოდ, კონტინენტის უძლიერესი გუნდის სტატუსისთვის 8 ასაკობრივი ნაკრები იბრძოლებს. A ლიგის შვიდ ჯგუფში ბოლო მეოთხე ადგილზე გასული ნაკრებები  ახალი სეზონისთვის B ლიგაში დაქვეითდებიან.

17-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატს 2022 წელს ბოსნია-ჰერცეგოვინა უმასპინძლებს. ფინალური ეტაპის მატჩები 3-15 მაისს გაიმართება.

რაც შეეხება 19-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატს, ტურნირი ასევე 2022 წელს, 27 ივნისიდან 9 ივლისის ჩათვლით ჩეხეთში ჩატარდება.