გიუნდოგანი „სიტის“ ისტორიაში შევიდა

0
12

გერმანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ილკაი გიუნდოგანი „მანჩესტერ სიტის“ ისტორიაში შევიდა.

ინგლისის პრემიერ ლიგამ 30 წლის შუახაზელი თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

გიუნდოგანმა გასულ თვეში ჩატარებულ 5 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. აღსანიშნავია, რომ მან პრემიერ ლიგის საუკეთესო მოთამაშის წოდება ზედიზედ მეორე მოიპოვა.

გიუნდოგანი „სიტის“ ისტორიაში პირველი მოთამაშეა, ვინც პრემიერ ლიგაში თვის საუკეთესო მოთამაშედ მიჯრით ორჯერ დაასახელეს.

ასევე, პრემიერ ლიგის ისტორიაში ის პირველი გერმანელია, რომელმაც ეს საპატიო ტიტული ორჯერ მოიპოვა.

გიუნდოგანი „სიტიში“ 2016 წლის ზაფხულიდან გამოდის და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 136 მატჩში 36 გოლი გაიტანა.

გერმანელისთვის განსაკუთრებით წარმატებული მიმდინარე სეზონია – მან 32 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 14-ჯერ აიღო.