„ლივერპულის“ მეოთხედფინალი და სალაჰის მიღწევა

0
11

„ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო შეხვედრაში, რომელიც ბუდაპეშტში გაიმართა „ლაიფციგს“ 2:0 აჯობა და 1/4-ფინალში გავიდა. იურგენ კლოპის შეგირდებმა პირველი მატჩიც ანალოგიური ანგარიშით მოიგეს.

„პუშკაშ არენაზე“ ჩატარებული თამაშის 70-ე წუთზე ანგარიში ეგვიპტელმა მოჰამედ სალაჰმა გახსნა, ხოლო 74-ე წუთზე თავი სენეგალელმა სადიო მანემ გამოიჩინა.

სალაჰმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში 25 გოლი გაიტანა, რაც პრემიერ ლიგის მოთამაშეებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია.

აქვე გეტყვით, რომ 2021 წელს „ლივერპულმა“ „პუშკაშ არენაზე“, სადაც ჩემპიონთა ლიგის მატჩში ნომინალური მასპინძელი იყო, უფრო მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე „ენფილდზე“ ჩატარაებულ 7 შეხვედრაში.

შეგახსენებთ, რომ მერსისაიდელებმა 2021 წელს „ენფილდზე“ მხოლოდ ერთი ბურთი გაიტანეს – „მანჩესტერ სიტისსთან“ 1:4 წაგებულ შეხვედრაში.

იურგენ კლოპმა „ლივერპული“ თავკაცის რანგში ევროთასებზე ჩატარებული 13 ორმატჩიანი დაპირისპირებიდან 12 მოიგო.

კლოპის ხელმძღვანელობით „ლივერპული“ ორმატჩიან დუელში ერთხელ დამარცხდა, როდესაც ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში „ატლეტიკოს“ ბარიერი ვერ გაიარა – 0:1, 2:3.