საქართველომ სომხეთი მეორედაც დაამარცხა

0
7

საქართველოს ფუტსალისტთა ეროვნულმა გუნდმა, რომელსაც ავთანდილ ასათიანი წვრთნის, ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეოთხე ტურში სტუმრად სომხეთის ნაკრები 3:2 დაამარცხა.

ქართველები თავდაპირველად 2 ბურთით დაწინაურდნენ – მე-6 წუთზე ანგარიში კურტანიძემ გახსნა, ხოლო მე-9 წუთზე სტუმრების ნატურალიზებულმა ბრაზილიელმა ბინიომ მეტოქის კარი მეორედ აიღო.

მასპინძლებიდან მე-12 წუთზე პირველი საპასუხო გოლი მაშუმიანმა გაიტანა, ხოლო ნევედროვმა 21-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა.

საქართველოს ნაკრებს ნატურალიზებულმა ბრაზილიელმა ელისანდრუმ მოაგებინა, რომელმაც 23-ე წუთზე სომხების კარი ეფექტური დარტყმით აიღო.

შეგახსენებთ, რომ თბილისში ჩატარებულ პირველ მატჩში ქართველებმა სომხებს 5 უპასუხო გოლი გაუტანეს.

საქართველოს ნაკრებს 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილშე მეორე ადგილზეა. მომდევნო მატჩს ასათიანის შეგირდები 10 აპრილს ფრანგებთან ჩაატარებენ, რომლებიც 2 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფებიან. ჯგუფის ლიდერი 12 ქულით რუსეთია, ხოლო აუტსაიდერ სომხეთს 1 ქულა აქვს.

ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ნიდერლანდებში ჩატარდება, 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. 8 შესარჩევი ჯგუფის გამარჯვებული და 6 საუკეთესო მეორეადგილოსანი ფინალური ეტაპის საგზურს ავტომატურად მოიპოვებს, კიდევ ერთი ადგილის ბედს კი, ორი უარესი მეორეადგილოსნის ორრაუნდიანი დაპირისპირება გადაწყვეტს. ამ 15 ნაკრებს მასპინძელი ნიდერლანდები დაემატება, რომელიც ფინალურ ეტაპს 2022 წლის 9 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით, ამსტერდამსა და გრონინგენში მიიღებს.