რაგბი ევროპა – ჩვენ და ესპანეთი

0
11

14 მარტს ბორჯღალოსნები ესპანელ „ლომებს“ ურთიერთშეხვედრების ისტორიაში 22-ედ ეთამაშებიან და მე-18 გამარჯვების მოპოვებას ეცდებიან.

ჩვენი და „ლომების“ ურთიერთშეხვედრები 2000 წლიდან იღებს სათავეს და გუნდები ერთმანეთს უმეტესად რაგბი ევროპის ჩემპიონატის (ყოფილი ერთა თასი) ეგიდით, თითქმის ყოველ წელს ერკინებიან. ერთადერთი გამონაკლისი 2005 წელი იყო, თუმცა მის საპირწონედ 2014 წელს მეტოქეს ორჯერ ვეთამაშეთ.

დღემდე გამართული 21 მატჩიდან 11 საკუთარ მოედანზე და 10 სტუმრად გავმართეთ. ესპანეთი დამარცხებული გვყავს 17-ჯერ, ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა, სამჯერ კი გამარჯვება „ლომებმა“ იზეიმა. ესპანეთმა სამივე თამაში მადრიდში მოიგო, ბოლოს 2012 წელს, რასაც 9-მატჩიანი გამარჯვებების სერია მოყვა.

ჩვენი გზები პირველად 2000 წელს გადაიკვეთა და მეტოქემ 36:32 იმარჯვა, რასაც ბორჯღალოსნების სამმატჩიანი, დამაჯერებელი გამარჯვებების სერია მოყვა. ამ გუნდების შეხვედრები ხშირ შემთხვევაში ლელოუხვი გამოდის, თუმცა 2004 წელს ლელოს გატანა ვერცერთმა შეძლო და ტარაგონაში ფრე 6:6 დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ესპანეთს საქართველოსთვის ერთ მატჩში ლელოების სხვაობით არასდროს მოუგია, თუმცა ის მუდამ ითვლებოდა ჩვენთვის ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქედ.

2009 წელს ესპანეთს მადრიდში სარეკორდო სხვაობით, 55:11 ვძლიეთ. 2011 წელს სარეკორდო სხვაობა „მიხეილ მესხზე“ დაფიქსირდა – 60:0. ამ თამაშში ბორჯღალოსნებმა 9 უპასუხო ლელო გაიტანეს, რაც ასევე რეკორდია. ორი წლის შემდეგ, კვლავ „მიხეილ მესხზე“ „ლომებს“ 8 ლელო გავუტანეთ და სარეკორდო რაოდენობის – 61 ქულა ავიღეთ, თამაში კი 61:18 მოვიგეთ.

ბოლო წლებში ესპანეთის ნაკრები სტაბილურ გუნდად ჩამოყალიბდა და 2014 წლიდან დღემდე, მეტოქეს 15-ზე მეტი ქულის სხვაობით ერთადერთხელ ვძლიეთ – 2016 წელს 38:7.

შარშან ესპანეთს მადრიდში ვეთამაშეთ, მოლით ორი ლელო მივიღეთ, თუმცა იქით სამი გავიტანეთ და 23:10 ვიმარჯვეთ. მთლიანობაში, 21 მატჩში ბორჯღალოსნებს გატანილი აქვთ 87 ლელო და 637 ქულა, ხოლო ესპანეთს 33 ლელო და 300 ქულა.

2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩი, რომელიც ასევე 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა, მადრიდში თბილისის დროით 15:45 საათზე დაიწყება.

ერთი კვირის წინ ბორჯღალოსნებმა ლისაბონში პორტუგალიას 29:16 სძლიეს. „ლომები“ პირველ ტურში ისვენებდნენ.