„საფეხბურთო ლა სკალას“ ქართველი სოლისტი

0
8

კახა კალაძემ ნიჭით, მტკიცე ხასიათით, საქმისადმი პროფესიული მიდგომით და შესაშური შრომისმოყვარეობით გაიკაფა გზა უმაღლესი “საფეხბურთო საზოგადოებისკენ” და ქართველ ფეხბურთელთა შორის ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშე გახდა. მსოფლიოს საკლუბო პირველობის გამარჯვებულს, ჩემპიონთა ლიგის ორგზის ტრიუმფატორს, ევროპის სუპერთასის მფლობელს, იტალიის, უკრაინისა და საქართველოს  ჩემპიონს არაერთი ინდივიდუალური პრიზიც დაუმსახურებია.
კალაძეს სიძნელეც არაერთი შეხვედრია და არც პირადმა ტრაგედიამ “დაინდო”. თუმცა, კახამ ღირსეულად გადალახა ყველა სირთულე თუ მიყენებული სულიერი ტკივილი.
კახას კარიერაში გადამწყვეტი 1998 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში “სკუადრა აძურას” წინააღმდეგ ჩატარებული მატჩია. ასპარეზობის მეათე წუთზე კახი ცხადაძემ ტრავმა მიიღო, დავით ყიფიანმა კალაძე ჩართო თამაშში და კრისტიან ვიერის მეურვეობა დაავალა. კალაძემ დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგად გაართვა, მალე კი კიევის „დინამოში“ გადავიდა. თანამეგობრობის თასის ფინალში კიეველები მოსკოვის „სპარტაკს“ შეხვდნენ. მეორე ტაიმში კახამ მეტოქეს ბურთი აართვა, მეტოქის საჯარიმოსთან მიახლოებისას ბურთი მეკარისგან შორეულ კუთხეში გაგზავნა. ეს გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა. უკრაინაში ასპარეზობის პერიოდში კალაძემ ბევრი კარგი შეხვედრა ჩაატარა. დაუვიწყარია შეხვედრა მიუნხენის “ბაიერნთან~, რომლის კარშიც კახამ გოლი გაიტანა.
თითქმის 10 წლის განმავლობაში კახა კალაძე „მილანში“ ასპარეზობისას სამაგალითო ფეხბურთელი გახლდათ. ყველაზე სასიამოვნო მოგონებად კი მისთვის“ინტერის” 6:0 განადგურებაა. “მილანს” “ინტერი” კახას დაბადების დღეს, 27 თებერვალსაც ჰყავს დამარცხებული, ამასთან “მადონინად” წოდებულ დერბიში კალაძეს გოლიც აქვს გატანილი. განსაკუთრებულად დაძაბული და პრინციპული “ინტერთან” ჩემპიონთა ლიგის ორი ნახევარფინალური შეხვედრა იყო, “იუვენტუსთან” ჩატარებულ ფინალს კი კახა კალაძე ამაღლებული გრძნობით შეხვდა. შემდეგ იყო კიდევ ერთი საჩემპიონთალიგო ტრიუმფი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გამარჯვება.
საქართველოს ნაკრებში კახა კალაძემ 83 მატჩი ჩაატარა, რომელთაგან 50-ში გუნდს უკაპიტნა. ყველაზე მნიშვნელოვანი სანაკრებო მატჩი კახამ 2003 წლის 30 აპრილს, მიხეილ მესხის სახელობის სარბიელზე რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში ჩაატარა, როდესაც ჩვენებმა რუსეთის ნაკრებს 1:0 მოუგეს…