ვილი სანიოლი – პირველი ინტერვიუ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში

0
9

ვილი სანიოლი: როდესაც სამწვრთნელო კარიერას ირჩევ, იცი, რომ რთულ გზას ადგები – მუდმივად გიწევს მოგზაურობა და სხვადასხვა ადგილზე გადასვლა საცხოვრებლად. სფფ-ის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი თვითონაც ყოფილი მოთამაშეები არიან, ჩვენ ერთ ენაზე ვსაუბრობთ. ამ შემოთავაზებას მე სწორედ იმიტომ დავთანხმდი, რომ მათ მარტივად ამიხსნეს საკუთარი მოლოდინები და შესაძლებლობები. ფეხბურთი მარტივ თამაშად რჩება. იმ გარემომ, რომელიც ჩვენი მოლაპარაკებების დროს შეიქმნა, მე დამარწმუნა ამ ნაბიჯის გადადგმაში. მე ვიცი, რომ აქ საქმე მელოდება და მიზანს უნდა მივაღწიო.

„ბაიერნში“ მუშაობის შემდეგ ორწლიანი პაუზა ავიღე. დეტალებზე ახლა არ ვისაუბრებ, თუმცა ეს გადაწყვეტილება ოჯახური მიზეზების გამო მივიღე, რომელიც ჯანმრთელობას უკავშირდებოდა. მამისთვის მთავარ პრიორიტეტს მისი შვილები წარმოადგენენ. მე სწორედ ასე მოვიქეცი და ეს ბოლო ორი წელი მეტად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ახლა სიტუაცია გამოსწორდა და სრულად შემიძლია დავუთმო ყურადღება ამ ახალ პროექტს. მთავარი მწვრთნელის რანგში შეუძლებელია ყურადღების მხოლოდ 80 ან 70 პროცენტი დაუთმო საკუთარ საქმეს. აუცილებელია, შენს გუნდს სრულად დაუთმო ყურადღება და ენერგია. ახლა მე სრულად ფოკუსირებული ვარ საქართველოში ჩემს მისიაზე და იმედი მაქვს, რომ ყველა ერთად წარმატებას მივაღწევთ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ წარმატებისთვის ბევრს ვიშრომებთ, და ეს ყველაფერი ჩემთვის საინტერესო იქნება.

მე ადრეც მითანამშრომლია ქვეყნის ფედერაციასთან, საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების სახით. მე კომფორტულად ვგრძნობ თავს ისეთ გარემოში, სადაც საშუალო და გრძელვადიან გეგმებზე მიწევს მუშაობა. ჩვენ აქ უნდა დავიწყოთ შენების პროცესი და გამართულად უნდა განვახორციელოთ ის. მე ეს უკვე გაკეთებული მაქვს საფრანგეთის ნაკრების ტექნიკური დირექტორის როლში. რამდენიმე წლის შემდეგ ჩვენ მსოფლიო ჩემპიონებიც გავხდით. მე ძალიან ვამაყობ ამ მიღწევებით და მიმაჩნია, რომ მაშინ ყველაფერი სწორად გავაკეთეთ. ახალგაზრდა ფეხბურთელებმა წარმატებას მიაღწიეს, კარგ კლუბებში მოხვდნენ, ბოლოს კი მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეს. აქ სიტუაცია სხვანაირია, თუმცა იმედი მაქვს, რომ აქაც საამაყო შედეგი მექნება და წარმატებას მივაღწევ ფეხბურთელებსა და ფედერაციასთან ერთად. ახლა ეს არის ჩემი მიზანი.

მე კარგად მახსოვს ლევან კობიაშვილი. ის მარცხენა ფლანგზე თამაშობდა, მე კი მარჯვნივ, და ჩვენი გზები ყოველთვის იკვეთებოდა. როგორც მოთამაშე, ის ერთდროულად ხისტი და სამართლიანი იყო. იგივე შემიძლია ვთქვა ალექსანდრე იაშვილზე. კარგია, როდესაც 10, 12 ან 15 წლის შემდეგ კვლავ ვხვდებით ერთმანეთს, ახლა უკვე თანამშრომლობის ფარგლებში. ჩვენ ერთ სამყაროს მივეკუთვნებით და ერთ ენაზე ვსაუბრობთ – ეს არის ფეხბურთის ენა.

დიახ, თქვენ გყავთ ბევრი საინტერესო ახალგაზრდა მოთამაშე. სამწუხაროდ, პანდემიის შედეგად ყველაფერი შეიცვალა. ფეხბურთელები ყოველთვის ვერ ახერხებენ ჩამოსვლას. მოგზაურობა, ვარჯიში და თამაში გართულდა. ბოლო ერთი წელი, რთული იყო, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. როდესაც 17 ან 18 წლის ხარ და პროფესიულ კარიერას იწყებ, შენ ოცნებობ სავსე სტადიონზე, ამჟამად კი ყველაფერი სხვანაირად არის. თუმცა, ეს გამოცდილება ახალგაზრდებს გააძლიერებს. მე ყოველთვის მიხარია ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობა, რომლებსაც სურთ მიაღწიონ წარმატებას და საკუთარი შესაძლებლობები აჩვენონ როგორც მწვრთნელს, ისე მთელ ქვეყანას. ველი მათთან მუშაობას.

დისციპლინა ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება. მის გარეშე ვერაფერს შეცვლი. ფეხბურთელებს უნდა ეამაყებოდეთ ნაკრებში თამაში და მათ პატივი უნდა სცენ ნაკრების მაისურს. თუ ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვექნება, ვფიქრობ რომ შევძლებთ წარმატების მიღწევას. გუნდს აქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი,  ეს სწორედ ის მიზეზია, რატომაც მე აქ ჩამოვედი. თუმცა, ჩვენ ეს პოტენციალი უნდა გავზარდოთ. ყველაფერი დამოკიდებული იქნება მონდომებაზე – თუკი 99 პროცენტით დაიხარჯები, ეს არ არის საკმარისი. 100 პროცენტს კი როგორც წესი კარგი შედეგი მოაქვს.

თანამედროვე ფეხბურთში რიტმი მნიშვნელოვანია. თუმცა, პირველ თამაშამდე ჯერ კიდევ არის დრო. მე აქ ჩამოვედი იმისთვის, რომ შევხვდე ხალხს და ჩვენი 10-დღიანი შეკრებები დავგეგმო. ჩემთვის მნიშვნელოვანია შევიგრძნო აქაური გარემო და კულტურა, გავიცნო ჩემი პერსონალი. ნაკრებში ჩვენ მთელი წლის განმავლობაში არ გვიწევს ერთად მუშაობა და ეს 10-დღიანი პერიოდები ინტენსიურად ჩაივლის. მზად უნდა ვიყოთ, ყველაფერი წინასწარ დავგეგმოთ.

6 დღეში 3 თამაშის ჩატარება ყველა გუნდს მოუწევს. ეს არ იქნება გამართლება. ვფიქრობ, როდესაც ყოველ 3 დღეში ერთხელ თამაშობ, უფრო გაფართოებული შემადგენლობა უნდა გვყავდეს. ამ ყველაფერს ემატება პანდემია და მასთან დაკავშირებული რისკები. ჩვენ გვჭირდება მოტივირებული ფეხბურთელები, რომლებიც სრულად იქნებიან ჩართული ამ საქმეში. რასაკვირველია, ესპანეთი უკვე დიდი ხანია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. შვედეთი ყოველთვის მონაწილეობს დიდ ტურნირებში, მათ ბევრი გამოცდილი მოთამაშე ჰყავთ. საბერძნეთი ევროპის ყოფილი ჩემპიონია, თუმც ეს დიდი ხნის წინ მოხდა. კოსოვოს კი ბევრი საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავს. ეს რთული ჯგუფია, თუმცა, ეს 6-დღიანი ფანჯრები გარკვეულ ბალანსს შემოიტანს. ასეთ პირობებში დიდ გუნდებსაც პრობლემები შეექმნებათ შედარებით პატარა გუნდების წინააღმდეგ. 15-20 წლის წინ უფრო ძლიერი გუნდი როგორც წესი იგებდა თამაშს. არსებულ პირობებში კი ყველაფერი სხვანაირად არის. მთავარი მოლოდინი ის უნდა იყოს, რომ გუნდმა თამაშიდან თამაშამდე მოუმატოს, რაც ჩვენ დაგვისახავს სწორ მიმართულებას. თუმცა, ჩვენ უნდა ვითამაშოთ წნეხის გარეშე, უნდა გავაკეთოთ ჩვენი მაქსიმუმი და რისკზეც წავიდეთ. რადგან თანამედროვე ფეხბურთში  რისკის გარეშე ვერაფერს მიაღწევ. ამიტომ არის მნიშნვნელოვანი რისკი და მისი სწორი შეფასება.

არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ბევრს საუბრობს. მირჩევნია მოედანზე საუბარი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მოხარული ვარ და მეამაყება აქ ყოფნა. მადლობას ვუხდი ფედერაციის ხელმძღვანელობას და იმედი მაქვს, რომ მათ ნდობას გავამართლებ.