საქართველომ ფინეთს 19 ქულა გაუბათილა, მაგრამ მაინც ვერ მოიგო…

0
10

ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირის 4 გამარჯვებით დაწყების შემდეგ, ილიას ზუროსის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა ბოლო 2 შეხვედრა წააგო და E ჯგუფში საბოლოოდ მე-2 ადგილი დაიკავა. აღნიშნული ადგილი ჩვენს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოუტანდა, თუმცა ილიას ზუროსის გუნდს  ეს მისია თამაშების დაწყებამდე შესრულებული ჰქონდა, რადგან ჩვენი ქვეყანა მომავალი ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელია და ისევე როგორც გერმანიას, იტალიასა და ჩეხეთს, კონტინენტის პირველობაზე თამაში საქართველოსაც გარანტირებული აქვს.

ბოლო 2 მატჩი საქართველომ თბილისში გამართა. ესე არ იყო თავიდან დაგეგმილი, თუმცა ფიბა-ს კოვიდ-პანდემიის გამო ფორმატის შეცვლა მოუხდა და იზოლირებულ გარემოში, ეგრედწოდებული “ბაბლის” სისტემით უკვე მეორე ფანჯარა ჩაატარა. პირველ იზოლირებულ ფანჯარაში, გეხსომებათ, ზუროსის გუნდმა ფინეთში ორივე მატჩი მოიგო (ფინეთი და შვეიცარია დაამარცხა), მეორე “ბაბლს” კი თბილისმა უმასპინძლა და საკუთარ კედლებში საქართველოს არ გაუმართლა. ჩვენმა გუნდმა ვერ შეკრიბა ოპტიმალური შემადგენლობა და პლუს ამას, პირველ მატჩში დაშავდა კონერ ფრენკამპი – ახალი ნატურალიზებული ამერიკელი გამთამაშებელი, რომელმაც სერბეთთან მატჩი ვერ ჩაამთავრა და, ცხადია, ფინეთთნაც ვერ ითამაშა.

ფრენკამპის ტრავმის შემდეგ ჩვენი გუნდის უკანა ხაზი მთლიანად სუპერლიგის მოთამაშეების იმედად დარჩა. ძირითადი გამთამაშებლის ამპლუა მწვრთნელებმა “ვერას” წევრ გივი ბაქრაძეს უბოძეს, რომელთან ერთადაც სასტარტოს უკანა ხაზში რუსთაველი მერაბ ბოქოლიშვილი დადგა. საქართველოს ნაკრებს თავიდან გაუჭირდა ფინელებთან პაექრობა, რადგან სკანდინავიელებს შორი სროლები წაუვიდათ, დაცვაში კი უფრო მობილურად თამაშობდნენ და სწრაფ კონტრშეტევებსაც ახორციელებდნენ.

პირველ პერიოდში ფინელებმა 10-დან 6 სამქულიანი ჩააგდეს და დამსახურებულად გალიდერდნენ – 30:17. მეორე მეოთხედის დასაწყისში საქართველოს ნაკრების დაცვა კიდევ უფრო აგრესიული გახდა და ფინელებს პერიმეტრიდან ჩაგდება გაუჭირდათ.

შეტევაში არც ქართველებს გამოსდიოდათ რამე და საწყის 3 წუთში მხოლოდ 4 ქულა ჩავარდა. ფინელებმა ზედმეტი აგრესიით თამაში განაგრძეს ისინი ჯარიმებს არ ერიდებოდნენ, მსაჯებიც აძლევდნენ ხისტად თამაშის უფლებას და გიორგი შერმადინის წინააღმდეგ არაერთი ფოლი არ დაფიქსირდა. სწორედ ამას ითხოვდა ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი, თუმცა მსაჯებმა მას ტექნიკური ჯარიმა მისცეს.

ფინელებმა მეორე ათწუთეულში მხოლოდ სამი სამქულიანი სტყორცნეს და ვერცერთი ჩააგდეს, თუმცა ანგარიშში სხვაობის გაზრდა სწრაფი შეტევებითა და შორეული ორქულიანებით შეძლეს. მეორე პერიოდის შემდეგ ფინეთი 49:30 დაწინაურდა, რითაც გამარჯვებაზე ხმამაღალი განაცხადი გააკეთა.

მესამე პერიოდი იყო ქართული კალათბურთის ზეობა. ილიას ზუროსის გუნდმა 19-ქულიანი ჩანმორჩენა 10 წუთში აღმოფხვრა და ბოლო პერიოდს თანაბარი ანგარიშით შეხვდა – 57:57. როგორ მოახერხეს ეს ქართველებმა? უპირველესად ბრძოლითა და დაცვაში მაქსიმუმის გაღებით. “ოლიმპის” კომბო-ფორვარფმა  კახა ჯინჭარაძემ ფინელთა სნაიპერი სასუ სალინი მაქსიმალურად შეავიწროვა, ხოლო საქართველოს დაცვა გადაულახავ ზღუდედ იქცა სკანდინავიელებისთვის.

საიმედო დაცვამ ჩვენებს შეტევაშიც გზა გაუხსნა. დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე, მიხეილ ბერიშვილი და გიორგი შერმადინი ქულას ქულაზე იხვეჭდნენ, რომლებსაც თითო ჯერზე ხელი სათადარიგო მოთამაშეებმა – ბექა ბექაურმა და საბა ლობჯანიძემაც შეაშველეს და ამ უკანასკნელის შედეგიანი გარღვევის შემდეგ მესამე პერიოდის ბოლო წუთზე ანგარიში გათანაბრდა – 57:57.

ნათქვამია, ვინც მესამე პერიოდს იგებს, ის იგებს თამაშსაცო, თუმცა ჩვენდა სამწუხაროდ, ეს დღევანდელ მატჩში არ გამართლდა. მიუხედავად მესამე ათწუთეულის 27:8 მოგებისა, ბოლო პერიოდში ქართველებს ისევ გაურთულდათ საქმე. ფინელებმა მთელი დაცვითი ზღუდე შერმადინისკენ მიმართეს, რომელმაც ხეირიანი პასი ვერაფრით მიიღო, ხოლო ჩვენებს შორი მიზანი ბოლომდე არ გაჰყვათ, პლუს რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვეს და ფაქტობრივად ხელჩაქნეული თამაშის შემობრუნების შემდეგ მატჩი ხელმეორედ წააგეს.