სერბებთან დავმარცხდით…

0
8

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე პირველად წააგო. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი, რომელსაც ევრობასკეტზე თამაში მასპინძლობის გამოც გარანტირებული აქვს და სატურნირო მდგომარეობითაც, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სერბეთის ნაკრებთან თბილისში, ცარიელი ტრიბუნების წინ დამარცხდა. მოგეხსენებათ, პანდემიის გამო თამაშებზე მაყურებლების დასწრება აკრძალულია, ხოლო ფიბა თითო ჯგუფის თამაშებს თითო ქვეყანაში ატარებს და ეგრედწოდებული “ბაბლის” მასპინძელი ამჯერად საქართველოს, სადაც E ჯგუფის მონაწილე ოთხივე ნაკრებია შეკრებილი.
საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე საკვალიფიკაციოს პირველ წრეში სერბეთი ბელგრადში დაამარცხა და მასთან ერთად შვეიცარიას ორჯერ და ფინეთს ერთხელ სძლია. 4-დან 4 მოგებით ქართველები E ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობდნენ და სერბეთთან წაგების მიუხედავად, ახლაც ლიდერები არიან. ბოლო ტურში, 21 თებერვალს, ფინეთის დამარცხების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები E ჯგუფს პირველ ადგილზე დაასრულებს.
მას შემდეგ, რაც ჯგუფში საქართველოსთან და შვეიცარიასთან წააგო, სერბეთი ევრობასკეტის მიღმა დარჩენის საფრთხის წინაშე დადგა. მართალია, ეს თეორიული ვარიანტი იყო, თუმცა მსოფლიო დონის გრანდს რომ აქამდე არ ჰქონდა ევრობასკეტის საგზური მოპოვებული, თავისთავად მოულოდნელი იყო. სერბეთმა შეძლებისდაგვარად მძლავრ შემადგენლობას მოუყარა თავი. მართალია, ნბა-სა და ევროიგაში მოთამაშე კალათბურთელები არ ჰყავდა, თუმცა სლავები საქართველოში წინა მატჩებთან შედარებით გაცილებით წარმომადგენლობითი გუნდით ჩამოვიდნენ.
სერბეთმა საქარველო მესამე პერიოდის მიწურულს გატეხა. პირველ ნახევარში ილიას ზუროსის გუნდი სოლიდურად გამოიყურებოდა და ჯერ 2:11 ჩამორჩენა აღმოფხვრა და დაწინაურდა, შემდეგ მეორე პერიოდშიც მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. ჩვენს ნაკრებში ამერიკელი კონერ ფრენკამპის დებიუტი შედგა, რომელიც მესამე პერიოდის შუაწელში დაშავდა და თამაში ვეღარ გააგრძელა. სანამ ტრავმას მიიღებდა, ფრენკამპმა 10 ქულა მოიხვეჭა, თუმცა მისი ყველაზე ბასრი იარაღი, სამქულიანები, ვერ გამოიყენა. ოთხივე სროლა აუცდა.
სერბებმა კი სწორედ პერიომეტრიდან იძალეს. მესამე პერიოდის ბოლოსზუსტი შორი ტყორცნების წყალობით მცირე გაქცევა მოაწყვეს, პერიოდი 28:20 მოიგეს და გადამწყვეტი ათწუთეულის წინ 65:51 დაწინაურდნენ. საქართველოს ნაკრები მძიმე ამოცანის წინაშე აღმოჩნდა – აღმოეფხვრა 14-ქულიანი სხვაობა 10 წუთში. საქმე რთულად იყო, რადგან ვერც ტრავმირებული ფრენკამპი გვეხმარებოდა და ჩვენს გუნდს არც სამქულიანი ტყორცნებიდან მისდიოდა. 30 წუთში ქართველებმა მხოლოდ 3 სამიანი ჩააგდეს (19 მცდელობიდან), მაშინ, როდესაც სერბების ანგარიშზე 16-დან 8 სამიანი იყო.
მეოთხე პერიოდში საქმე კიდევ უფრო გართულდა – სერბებმა იგრძნეს, რა გზა იყო საჭირო თამაშის მოსაგებად, დაცვაში კიდევ უკეთ ათამაშდნენ, ხოლო შეტევაში სამქულიანების პარალელურად ორქულიანებიც საკმარისად ჩააგდეს, მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე 78:54 დაწინაურდნენ და ევრობასკეტი 2022-ის საგზური მოიპოვეს.
27 ქულით მატჩის ბომბარდირი ფილიპ პეტრუშევი გახდა, რომელიც 20 წლისაა და სერბეთის ახალი ამომავალი ვარსკვლავია.  გიორგი შერმადინმა 20 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა, დუდა სანაძემ თავი 15 ქულას, 5 მოხსნას და 3 პასს მოუყარა, ფრენკამპისა და ბექა ბურჯანაძის ანგარიშზე 10-10 ქულა დაგროვდა.
ჩვენს ჯგუფში გამსვლელი გუნდების ვინაობა გარკვეულია. ფინეთმა ჩვენს მატჩამდე 92:84 დაამარცხა შვეიცარია და ამ უკანასკნელმა სერბეთის გამარჯვების შემდეგ ევრობასკეტზე მოხვედრის შანსი დაკარგა. ბოლო ტურში, 21 თებერვალს, სერბეთი შვეიცარიას დაუპირისპირდება, საქართველო – ფინეთს.

საქართველო – სერბეთი 66:92 (10:13, 21:24, 20:28, 15:27)