ჰალანდმა კვლავ გაიბრწყინა, “იუვემ” პორტუში წაიფორხილა

0
8

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ სტადიაზე მეორე სათამაშო დღეს ორი მატჩი გაიმართა -„პორტუმ“ „იუვენტუსს“, „სევილიამ“ კი „დორტმუნდს“ უმასპინძლა.
ესპანეთში სუსომ ანგარიში გახსნა და ანდალუსიელები დაწინაურდნენ. თუმცა, გერმანელებს ჰყავთ ერლინგ ჰალანდი, რომელმაც პირველივე ტაიმში დუბლი შეასრულა. მანამდე იყო დაუდის გოლი და „ყვითლები“ ანტრაქტამდე ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ. საბოლოოდ  „დორტმუნდმა“ 3:2 მოიგო და საპასუხო შეხვედრის წინ ფავორიტია.
20 წლის ნორვეგიელმა თავდამსხმელმა, ერლინგ ჰალანდმა ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა. მან 10 ბურთი 7 მატჩში გაიტანა. მანამდე რეკორდი „ბაიერნის“ ჰოლანდიელ შემტევს, როი მაკაის ეკუთვნოდა, რომელმაც 2003-04 სეზონში 10 გოლი 10 შეხვედრაში შეაგდო.
ანდრეა პირლოს  „იუვენტუსი“ 1:2 დამარცხდა და ბედს უნდა უმადლოდეს, რომ ასე მოხდა. „იუვემ“ გოლი 63-ე წამზე გაუშვა. ბენტანკურმა საკუთარ საჯარიმოში უზუსტოდ ითამაშა და ანგარიში გაიხსნა. ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის ბოლო 8 წლის განმავლობაში ეს ყველაზე სწრაფი გოლია. „იუვემ“ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეორე ტაიმში ყველაზე სწრაფიც გოლიც ამ მატჩში გაუშვა. მეორე ნახევარი სულ რაღაც 19 წამის დაწყებული იყო, როდესაც „პორტუმ“ მეორე გაიტანა. ფედერიკო კიეზამ 82-ე წუთზე ერთი ბურთი გაქვითა და საპასუხო მატჩის წინ „იუვე“ უიმედო მდგომარეობაში არ დატოვა.
„იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ზედიზედ მესამე სეზონში წააგო პირველივე თამაში. „პორტუმდე“ ტურინელები ამ ეტაპზე „ლიონმა“ (1:0) და „ატლეტიკომ“ (2:0) დაამარცხეს.