ვილი სანიოლი: “ჩემმა გაწვრთნილმა გუნდმა შემტევი ფეხბურთი უნდა ითამაშოს”

0
12

…ვილი სანიოლმა აქტიური საფეხბურთო კარიერა ტრავმის გამო ნაადრევად, 31 წლის ასაკში შეწყვიტა, თუმცა, მალევე მიხვდა უფეხბურთოდ რომ ვერ გაძლებდა და ხელი მწვრთნელობას მიჰყო. საამისოდ მას „ბაიერნში“ გატარებული 9 სეზონი ძალიან გამოადგა. მიუნხენში ხომ სანიოლი მაღალი რეპუტაციის მწვრთნელებთან მუშაობდა. ვილიმ ფელიქს მაგათის გარდა, ყველა დამრიგებელს აუღო ალღო, ტექნიკასა და სისწრაფის დანაკლისს კომპენსირებას საფეხბურთო ჭკუით უკეთებდა. საფრანგეთის ნაკრების ტექნიკური დირექტორის პოსტზე საქმიანობის შემდეგ ვილი სანიოლს ქვეყნის 21 წლამდე ნაკრების ხელმძღვანელობა მიანდეს.
საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში სანიოლმა წელიწადი იმუშავა და შედეგი კარგი ჰქონდა – მისი დამრიგებლობით გუნდმა 9 მატჩი ჩაატარა, 7 მოიგო, ბურთების შეფარდება კი 29-6 იყო. სწორედ სანიოლის გუნდში დაწინაურდნენ ანტონი მარსიალი (მანჩესტერი), ლუკა დინი (პსჟ, ბარსელონა, ევერტონი), ფლორიან ტოვენი. ეს უკანასკნელი ამჟამად „მარსელის“ წევრია, სანიოლის გუნდის 4 მატჩში კი 5 გოლი გაიტანა. ახალგაზრდულ ნაკრებში მუშაობისას სანიოლი გუნდს 4-4-2 და 4-2-3-1 ტაქტიკური სქემით ათამაშებდა.
სანიოლს მთავარმწვრთნელობის საფრანგეთის პირველი დივიზიონის რამდენიმე კლუბი ერთდროულად სთავაზობდა. „ბორდოს“ ზინედინ ზიდანის მიწვევა სურდა, მაგრამ ზიზუს უარის შემდეგ აქცენტი სათადარიგო ვარიანტზე, სანიოლზე გააკეთა და ვილისგან თანხმობა მიიღო.
ბორდოში სანიოლი ოტმარ ჰიტცფელდის ფილოსოფიით აღჭურვილი მივიდა: „ჩემმა გაწვრთნილმა გუნდმა შემტევი ფეხბურთი უნდა ითამაშოს. „ბაიერნში“ გამოსვლისას კარგად გავითავისე, მაღალი შედეგის მისაღწევად მთლიანად გუნდმა და მისმა ცალკეულმა ფეხბურთელმა თამაშით სიამოვნება უნდა მიიღოს. საამისოდ აუცილებელია გუნდი ბურთს აკონტროლებდეს და თავისუფლადაც თამაშობდეს. ჩემთვის ფეხბურთი უპირველესად გასართობია, მაგრამ თუკი ფეხბურთელებმა  მწვრთნელის დავალება ზედმიწევნით ზუსტად არ შეასრულეს, სათანადო შედეგს ვერ მივაღწევთ. ფეხბურთის კიდევ ერთი აქტორი მაყურებელიც არ უნდა დავივიწყოთ და ტრიბუნებზე შეკრებილ აუდიტორიას სიამოვნება მივანიჭოთ“.
„ბორდოში“ მუშაობის პირველი სეზონში სანიოლის გუნდმა ერთადერთი შეხვედრა მოიგო დიდი ანგარიშით – ურუგვაელი როლანის წყალობით „მონაკოს“ 4:1 სძლია, საბოლოოდ კი გათამაშების ცხრილში ბორდოელები მეექვსე პოზიციაზე დამკვიდრდნენ, რაც წინა სეზონთან შედარებით წინწაწეული ნაბიჯი იყო. პროგრესი დიდი არ იყო, მაგრამ ახალბედა მწვრთნელის მუშაობა დადებითად შეფასდა.
ვილი სანიოლს საფრანგეთში პერსპექტიულ დამრიგებლად მიიჩნევდნენ, მაგრამ მისმა გამონათქვამმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა: „ვიდრე „ბორდოს“ მწვრთნელი ვარ, აფრიკელი ფეხბურთელების ყიდვისგან თავს შევიკავებ. არ მინდა, აფრიკის თასზე მონაწილეობის გამო ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გუნდს განახევრებული შემადგენლობით უწევდეს გამოსვლა. მართალია, აფრიკელი ფეხბურთელები ნაკლებ ხელფასს ითხოვენ, მებრძოლი თვისებებით გამოირჩევიან და ფიზიკურადაც მძლავრები არიან, მაგრამ ტექნიკაში, ჭკუასა და დისციპლინაში მოიკოჭლებენ“.
ფრანგულ საზოგადოებას სანიოლის ეს სიტყვები არ მოეწონა, აფრიკელ მოთამაშეებს კი ლიგა ერთის ტურის ბოიკოტისკენაც კი მოუწოდეს.
„თუკი ჩემი გამონათქვამით ვინმეს ვაწყენინე, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ წმინდა საფეხბურთო ინტელექტზე ვსაუბრობდი და არა რომელიმე რასის წარმომადგენელთა გონებრივ შესაძლებლობებზე“, – იმართლა თავი სანიოლმა, მაგრამ „ბორდოში“ დიდხანს რომ ვერ დარჩებოდა, ცხადი შეიქნა. ამასობაში, ბორდოელებმა დერბი „დე ლა გარონში“ „ტულუზასთან“ 0:4 დამარცხდნენ, ცხრილში 14-ე საფეხურამდე დაეშვნენ და ვილი სანიოლს პოსტი დაატოვებინეს.
შელახული რეპუტაციის გამო სანიოლს საფრანგეთში სამუშაოს არ სთავაზობდნენ, „მშველელად“ კი ლამის მშობლიური „ბაიერნი“ მოევლინა. კარლო ანჩელოტიმ ვილის მიუნხენში დაბრუნება შესთავაზა, რასაც ვილი სიამოვნებით დათანხმდა – სანიოლი იტალიელის თანაშემწე გახდა. ანჩელოტიმ ბავარიელთა კლუბის დამრიგებლის პოსტზე 4 თვეც ვერ გაძლო, კარლიტოს წასვლის შემდეგ კი სანიოლმა „ბაიერნს“ ერთ მატჩში უხელმძღვანელა – რეკორდმაისტერი ბერლინის „ჰერტას“ 2:0-ს უგებდა, მაგრამ საბოლოოდ მატჩი 2:2 დასრულდა. ამასობაში „ბაიერნის“ მთავარ მწვრთნელად იუპ ჰაინკესი დანიშნეს, მან თანაშემწეებად გუნდში „თავისიანები“ მიიყვანა, ვილი სანიოლს კი მიუნხენის კიდევ ერთხელ დატოვება მოუწია…